,,ღრმად დარწმუნებული ვარ, რომ აფხაზეთის და ოკუპაციის საკითხი უნდა აერთიანებდეს ყველა ქართველს. ეს არ არის პარტიული და ამა თუ იმ პარტიისადმი სიმპატია-ანტიპატიის საკითხი. ბევრი რამ, რაც ნაციონალების დროს მოხდა, სრულიად მიუღებელია და ამაზე ჩემს პოზიციას ყოველთვის გამოვხატავდი ჩემთვის ხელმისაწვდომი (როგორც ახლა, ისე მაშინ, ძალიან შეზღუდული) საშუალებებით; მაგრამ სრულიად დაუშვებელია პათოლოგიური სიძულვილის და ფიზიკურამდე მისული აგრესიის ის კამპანია, რომელსაც ხელისუფლება და მის მიერ წახალისებული და მართული ჯგუფები აწარმოებენ პარტიული ნიშნით. მათ არავითარი უფლება არა აქვთ, განსაზრვრონ ამა თუ იმ პოლიტიკური ძალისა თუ საზოგადოებრივი ორგანიზაციის არსებობა-არარსებობის და მათი ლეგალური პოლიტიკური ქმედებების საკითხი. (რაც კომუნისტურმა პარტიამ 70 წელი აკეთა და მილიონების სასაკლაო მოაწყო, მისი აკრძალვაც კი სერიოზულად არავის მოუთხოვია-მიუხედავად იმისა, რომ ამ შემთხვევაში ლოგიკა არსებობდა) ხოლო, რაც შეეხება ჩვენს უპირველეს სასიცოცხლო საკითხს, ვისაც ამ საკითხზე სწორი პოზიცია აქვს და დამპყრობლის სამსახურში არ არის, ყველა უნდა გაერთიანდეს. ამიტომ, მე მიმაჩნია, რომ 15 ნოემბრის აქცია, ვინც არ უნდა აწყობდეს მას, რადგან მისი შინაარსი სასიცოცხლოა, ძალიან მნიშვნელოვანია! რაც შეიძლება ბევრმა ქართველმა უნდა დაანახოს უშუალოდ ოკუპანტს და საქართველოს ხელისუფლებასაც, რომ აფხაზეთის დაკარგვას არასოდეს შევეგუებით. ეს აუცილებელია ისეთი ნაბიჯების პრევენციისთვის, რომლებიც ზიანს მოუტანენ ჩვენს სახელმწიფოს და მომავალში შესაფერის დროს, ხელს შეუშლიან მას თავისი მიწების დაბრუნებაში!“, - აცხადებს თამარ ჩხეიძე.ა
მასალის გამოყენების პირობები






