საია-ს თავმჯდომარე, კახა კოჟორიძე, მოსმენების შესახებ კანონპროეტზე პრეზიდენტის მხრიდან ვეტოს დადებას სწორ გადაწყვეტილებად აფასებს.
ამის შესახებ კოჟორიძემ „ნიუპოსტთან“ საუბარში განაცხადა.
მისი თქმით, არგუმენტაცია, რომელიც პრეზიდენტმა წარმოადგინა მხარდაჭერას საჭიროებს.
„პირველ რიგში იმას ვიტყვი, რომ პრეზიდენტის ამ გადაწყვეტილებას მნიშვნელობა ექნება არა მხოლოდ ე.წ. მოსმენების კანონპროექტისთვის, არამედ ეს იყო ძალიან სწორი მესიჯი და გადაწყვეტილებაა ადამიანის დემოკრატიზაციის პროცესის და ადამიანის უფლებების გადმოსახედიდან. პრეზიდენტმა თქვა, რომ იმ საკითხებზე, რაც მნიშვნელოვანია ადამიანის უფლებებისთვის, რაზეც საზოგადოებაში მაღალი კონსესნსუსი არსებობს, არ უნდა ჭიანურდებოდეს გადაწყვეტილების მიღება. პრეზიდენტის ეს მიდგომა საჭიროებს მხარდაჭერას“, - განაცხადა კოჟორიძემ.
რაც შეეხება საკითხს, მოასწრებს თუ არა პარლამენტი ვეტოს დაძლევას, კოჟორიძის თქმით, „ნების არსებობის შემთხვევაში ეს მოსწრებადია“.
„მე პრეზიდენტის ამ გადაწყვეტილებაში კანონდარღვევას ნამდვილად ვერ ვხედავ. თუ ვინმე იმას ამბობს, რომ ფიზიკურად არ გაითვალისწინა შაბათი-კვირა, ესეც არარელევანტური არგუმენტია, რადგან დღესვე შეუძლია პარლამენტს ამ საკითხის განხილვა. ნების არსებობის შემთხვევაში ეს მოსწრებადია და ვინმეს თუ ამის ნება არ აქვს, ეს პრეზიდენტს არ უნდა დაბრალდეს“, - აცხადებს კოჟორიძე.
მასალის გამოყენების პირობები






