„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი დავით დარჩიაშვილი პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, კანონპროექტზე ვეტოს დადებასთან დაკავშირებით ეხმაურება. დარჩიაშვილი „ნიუპოსტთან“ საუბრისას აცხადებს, რომ პარლამენტი პრეზიდენტის ვეტოს ვერ დაძლევს:
„მოვლენების საინტერესო განვითარებას უნდა ველოდოთ, ეს პირველ რიგში დააბნევს და გააბრაზებს ღარიბაშვილს. სრულიად აცდა ერთამანეთს ღარიბაშვილისა და მარგველაშვილის შეხედულებები ქვეყნის უსაფრთხოების ამ ნაწილზე და უსაფრთხოების ადამიანის უფლებებთან მიმართების ამ საკითხზე. მეორეს მხრივ ეს კიდევ აჩვენებს რაში არიან უნიათონი ამ ხელისუფლების წარმომადგენლები. იქამდე მიიყვანეს საქმე, რომ ახლა მექანიზმიც აღარ აქვთ რა უნდა ქნან, ვინ უნდა იყოს ამ ოპერატიული საქმიანობით დაკავებული და ვინ უნდა ინახავდეს ამ მასალებს. მე ვთვლი, რომ პარლამენტი ამ ვეტოს დაძლევას ვერ შეძლებს. რა თქმა უნდა საპარლამენტო უმცირესობა ვეტოს დაძლევას მხარს არ დაუჭერს“, - განაცხადა „ნიუპოსტთან“ საუბრისას დავით დარჩიაშვილმა.
პრეზიდენტმა ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით პარლამენტის მიერ გუშინ მიღებულ კანონპროექტს ვეტო დაადო. ფარული მოსმენების შესახებ კანონპროექტის განხილვის გადავადების შესახებ შესაბამისი კანონპროექტი პარლამენტმა გუშინ მიიღო. განხილვის გადავადებას მხარი 65-მა დეპუტატმა დაუჭირა, ხოლო მოწინააღმდეგე 31 იყო.
მასალის გამოყენების პირობები






