პრეზიდენტმა ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით პარლამენტის მიერ გუშინ მიღებულ კანონპროექტს ვეტო დაადო. ამის შესახებ გიორგი მარგველაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
„მე დავიბადე საბჭოთა კავშირში, სადაც ვიცოდი, რომ გვისმენდა კაგებე, შემდეგ ვცხოვრობდი პოსტსაბჭოთა საქართველოში, სადაც სახელმწიფოს გაძლიერების სიმბოლოს სააკაშვილის რეჟიმმა აიღო უკანონო მოსმენები, შემდეგ ყველამ ერთად ამ რეჟიმს განაჩენი გამოუტანეთ. ეს ნიშნავს, რომ 2 წლის თავზე იმაზე, რაზეც მთელ საზოგადოებაში კონსენსუსია, ეს კონსენსუსი კანონის ფორმაში უნდა დავაყენოთ. მივესალმები ამ საკითხში სამოქალაქო სექტორის ჩართულობას. მივესალმები იმ კანონს, რომელიც მიღებული იქნა აგვისტოში, თუმცა ამ კანონის ბევრი დეტალი არ დარეგულირდა და ბევრი თემა გადაიდო დღევანდელი დღისთვის, რასაც მოჰყვა კანონის კიდევ ერთხელ გადადება. მიმაჩნია, რომ ბევრად უფრო სწრაფად უნდა ვიღებდეთ კანონებს, რომელიც ადამიანების უფლებების დაცვას უკავშირდება. მე მოვუწოდებ პარლამენტს, რომ რაც შეიძლება მალე მიიღოს კანონი და გააკეთოს მთავრი, აღადგინოს ნდობა აღმასრულებელ სტრუქტურებსა და საზოგადოებს შორის. ნებისმიერი პრობლემბის გადაჭრა დემოკრატიულ საზოგადოებში, მათ შორის კრიმინოგენული საკითხების გადაჭრა საზოგადოების ჩართულობით. ჩვენ კიდევ ერთხელ უნდა ჩავრთოთ საზოგადოება აქტიურ დიალოგში. ამით გადაიჭრება ყველა პრობლემნა, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ. უნდა აღდგეს ნდობა და ამ ნდობის აღდგენა უნდა დავიწყოთ პოლიტიკოსებმა. ამ არგუმენტაცით ამ კანონს ვეტოს ვადებ და იმედი მაქვს ამას პარლამენტი გაითვალისწინებს“, - განაცხადა პრეზიდენტმა.
არასამთავრობოები მიიჩნევდნენ, რომ სწორი გადაწყვეტილება ვეტოს გამოყენება იქნებოდა, რადგან მათ მიაჩნიათ, რომ გადადებას თუნდაც თებერვლის ბოლომდე აზრი არ აქვს.
ფარული მოსმენების შესახებ კანონპროექტის განხილვის გადავადების შესახებ შესაბამისი კანონპროექტი პარლამენტმა გუშინ მიიღო. განხილვის გადავადებას მხარი 65-მა დეპუტატმა დაუჭირა, ხოლო მოწინააღმდეგე 31 იყო.
რამდენად შეძლებს საკანონმდებლო ორგანო ვეტოს დაძლევას, უცნობია. პრეზიდენტის ვეტოს დასაძლევად პარლამენტს 92 ხმა ჭირდება.
მასალის გამოყენების პირობები






