პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი პრეზიდენტს "ელექტრონული კომუნიკაციის შესახებ" კანონში განხორციელებული ცვლილებების ხელმოწერის თხოვნით მიმართავს.
აღნიშნული თხოვნით უსუფაშვილმა პრეზიდენტს გუშინ პარლამენტის ტრიბუნიდან მიმართა.
"მინდა გამოვთქვა წუხილი, რომ პრეზიდენტს კანონპროექტის ხელმოსაწერად და გამოსაქვეყნებლად 24-საათი რჩება. ეს ნორმალური პრაქტიკა არ არის და მას მივმართავ დაპირებით, რომ მსგავსი აღარ უნდა განმეორდეს. ამასთან, ვთხოვ, გადაწყვეტილება მაღალი პასუხისმგებლობიდან გამომდინარე მიიღოს – საქართველოს პრეზიდენტი არის სახელმწიფო ორგანოების ნორმალური ფუნქციონირების გარანტი და გადაწყვეტილების სწრაფად ხელმოწერა და ძალაში შესვლა სამართლადამცავი სისტემის ნორმალური ფუნქციონირების გაგრძელებას სჭირდება", - განაცხადა უსუფაშვილმა.
შეგახსენებთ, თუ პრეზიდენტი პარლამენტის მიერ გუშინ დამტკიცებულ პროექტს ხელს არ მოაწერს პირველი ნოემბრიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს სამსახურებს საკომუნიკაციო კომპანიების ინფორმაციებზე წვდომის უფლება აღარ ექნებათ.
ფარულ მოსმენაზე წვდომის "გასაღებთან" დაკავშირებით პარლამენტი შესაბამის კანონპროექტს პირველი აპრილის ნაცვლად, თებერვლის ბოლომდე მოამზადებს.
მასალის გამოყენების პირობები






