კომპანია „სილქნეტი“ დღეს გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომლის მიხედვით თავდაცვის სამინისტროს დაკავებულ მაღალჩინოსანთა და კომპანია "სილქნეტის" უმაღლესი მენეჯმენტის წარმომადგენელთა ნათესაური კავშირების არსებობს.
„თავდაცვის სამინისტროს მიერ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ტენდერი გამოცხადდა 2013 წლის აგვისტოში. კომპანია „სილქნეტმა“, ოთხ სხვა კომპანიასთან ერთად განაცხადი შეიტანა და ტენდერში გამარჯვებულად გამოცხადდა ამავე წლის სექტემბრის თვეში.
ნებისმიერი ინფორმირებული ჟურნალისტისთვის და იურისტისთვის, განსაკუთრებით როცა ის ამ თემაზე მუშაობს, ცნობილი უნდა იყოს, რომ ბატონი ალექსი ბატიაშვილი თავდაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე დაინიშნა მხოლოდ 2013 წლის 23 ნოემბერს.
ბატონი ბატიაშვილისა და ბატონი ბაჩო ჩინჩალაძის ნათესაურ კავშირზე მინიშნება სხვა არაფერია, თუ არა უსაფუძვლო სპეკულაცია, რაც კატეგორიულად მიუღებელი უნდა იყოს ნებისმიერი ორგანიზაციისა თუ მედია გამოცემისთვის. სერიოზულ კითხვის ნიშნებს აჩენს ამ დეზინფორმაციის გავრცელების მოტივაციაც, მაშინ როცა საქმე ჯერ კიდევ გამოძიების საწყის სტადიაზეა და მას საიდუმლო გრიფი აქვს მინიჭებული. ამ გრიფის მოხსნის შემთხვევაში, კიდევ ბევრი დეტალი გახდება ცნობილი, რაც დაადასტურებს, რომ სილქნეტის მიერ ტენდერში წარდგენილი წინადადება საუკეთესო იყო ფასისა და მომსახურების გაწევის ჭრილში.
სს „სილქნეტი“ გახლავთ ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანია ქართულ სატელეკომუნიკაციო ბაზარზე, რომელშიც დასაქმებულია 3000-მდე პროფესიონალი. უკვე მეხუთე წელია, ამ ადამიანების დიდი შრომითა და მონდომებით, კომპანიამ შეძლო დაემკვიდრებინა საერთაშორისო სტანდარტებისა და სოლიდური რეპუტაციის მქონე ორგანიზაციის სახელი. „სილქნეტი“ ჩართულია მომავალი თანამშრომლობის შესახებ აქტიურ მოლაპარაკებებში რამდენიმე გლობალური მასშტაბის კომპანიასთან.
ნებისმიერი გაუფრთხილებელი სიტყვა და გადაუმოწმებელი ინფორმაცია, რომელიც მასმედიით გადაიცემა, აზიანებს კერძო კომპანიის რეპუტაციას და ხელს უშლის მის შემდგომ განვითარებას. ეს კი თავის მხრივ, აზიანებს საერთო ბიზნეს გარემოს ქვეყანაში. ამიტომაც, მოგიწოდებთ, თავი შეიკავოთ გადაუმოწმებელი ინფორმაციისა და სპეკულაციების გავრცელებისგან და გთხოვთ, გამოძიების დასრულებამდე, განსაკუთრებული სიფრთხილით მოეკიდოთ ხსენებული თემის გაშუქებისას კომპანია „სილქნეტის“ ხსენებას“, - ნათქვამია განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები






