
საქართველოს პრემიერმინისტრის თანაშემწედ ადამიანის უფლებათა და გენდერული თანასწორობის საკითხებში სოფო ჯაფარიძე დაინიშნა. ჯაფარიძე სასჯელაღსრულების მინისტრის ყოფილი მოადგილეა.
"სოფო ჯაფარიძე პროფესიით სამართალმცოდნეა, ის დღემდე ევროკავშირის პროექტის მენეჯერი იყო. მანამდე კი სასჯელაღსრულების მინისტრის მოადგილედ მუშაობდა. მას აქვს საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებში მუშაობის დიდი გამოცდილება. მოგეხსენებათ, ჩვენს მთავრობას აქვს ადამიანის უფლებათა ეროვნული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, რომლის ეფექტურად განხორციელებაც ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მე დარწმუნებული ვარ, რომ ქალბატონი სოფო ამ მოვალეობას თავს ღირსეულად გაართმევს", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა
ჯაფარიძე პრემიერ-მინისტრმა ადამიანის უფლებათა დაცვის საბჭოს დღევანდელ სხდომაზე წარადგინა.
ჯაფარიძემ აღნიშნულ თანამდებობაზე თამარ ჩუგოშვილი ჩაანაცვლა. ჯერჯერობით უცნობია, რატომ დატოვა თანამდებობა ჩუგოშვილმა და სად განაგრძობს იგი მოღვაწეობას.
მასალის გამოყენების პირობები






