კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრი, საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი, დავით ბერძენიშვილი განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ მაღალჩინოსნებისთვის გაორმაგებული შემოსავლის დანიშვნას არ შეეგუება:
„წინა სხდომაზე, როცა განიხილებოდა საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ კანონპროექტი, ამ კანონპროექტის მიმართ მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულება დავაფიქსირე. კენჭისყრის წინ კი განცხადება გავაკეთე, რომ პირველ მოსმენაზე იმ პირობით დავუჭერდით მხარს, თუ მინიმუმ ორი პირობა იქნებოდა გათვალისწინებული.
პირველი ეს არის ის, რომ რეპრესირებულებს, რომელთა უმრავლესობაც ასაკოვანია აღარ დასჭირდებოდათ სასამართლოებში ხელახლა სიარული ქუთაისსა და თბილისში. სასამართლოს მიერ აღიარებულ პოლიტიკურად რეპრესირებულებს აღარ დასჭირებოდათ კიდევ ერთხელ მტკიცება იმისა, რომ მათ ეკუთვნით მინიმალური სიმბოლური კომპენსაცია.
კანონპროექტის მიხედვით ერთჯერადი კომპენსაციის გაცემა 1000-დან 2000 ლარამდე განისაზღვრა, ამიტომ ისევ სასამრთლოს მოუწევს გადაწყვეტა, ვის რამდენი უნდა მისცენ. უკიდურესად, უსამართლოდ დაჩაგრულ ადამიანებს 1997 წელს პარლამენტმა მადლობა გადაუხადა საბჭოთა რეჟიმის მიმართ გაწეული წინააღმდეგობისთვის, ბოდიში მოუხდა ოკუპაციის პერიოდში ასე მძიმედ დასჯის გამო და მათზე ზრუნვა დაიწყო. 45 ლარიანი პენსია დაუწესდათ, როცა ასაკობრივი პენსიას 14 ლარს იღებდნენ. მაშინ ეს სერიოზული შეღავათი იყო, თუმცა შემდეგ ამ მიმართულებით მდგომარეობა გაუარესდა. დღეს ასაკობრივი პენსია არის 150 ლარი, ხოლო პოლიტიკური ნიშნით რეპრესირებულების - 100 ლარი. აბსოლუტური უმრავლესობა რეპრესირებულების ამ ას ლარსაც ვერ იღებს. რეალურად მათთვის ეს პენსია არ არსებობს. 2006 წლამდე ისინი იღებდნენ, როგორც ასაკობრივს, ასევე რეპრესირებულების. თუმცა 2005 წლის ბოლოს მაშინდელმა პარალამენტმა ცვლილებები შეიტანა და, ასე ვთქვათ, ეს ადამიანები მოხვდნენ სეკვესტრში. ამას ვიხსენებ იმიტომ, რომ ბოლო რვა წლის განმავლობაში რეალურად რეპრესირებულების მდგომარეობა გაუარესებულია. საქართველოს სახელმწიფო მათ მიმართ ვალშია. ჩვენი წინადადებაა, იყოს ერთი მოჭრილი თანხა, თუნდაც 2 000 ლარი, რაც თავისთავად ბევრს არაფერს ნიშნავს, მაგრამ ფინანსთა მინისტრმა ბიუჯეტიდან სათანადო თანხების გამოძებნა ვერ მოახერხა. წარმოდგენილი პროექტი, ევროსასამართლოს მიერ "კილაძეების საქმეზე" მიღებული გადაწყვეტილების ვითომ შესასრულებლად იმიტაციური ნაბიჯია. ცუდად მოიქცა წინა ხელისუფლება, როცა სასამართლოგავლილ ადამიანებს კომპენსაციად 300-400 ლარი დაუნიშნა და ცუდად იქცევა დღევადელი ხელისუფლებაც, როდესაც კომპენსაციას 1000-დან 2000 ლარამდე ნიშნავს და საკითხი სასამართლომ ერთი წლის განმავლობაში უნდა განიხილოს. კომპენსაციის გაცემას 2015 წლის ბიუჯეტი არ ითვალისწინებს. იმ ფონზე, როცა ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენელი თბილისის მერი თავად პერსონალურად არ იღებს სახელფასო დანამატს, მაგრამ 26 მაღალჩინოსანს – დაწყებულ ვიცე-მერებიდან, დამთავარებული დეპარტამენტების უფროსებით გაორმაგებულ შემოსავალს უნიშნავს და ამ მიმართულებით თანხები ჩინოვნიკებისთვის ინიშნება, მაგრამ თანხა არ იძებნება რეპრესირებულებისათვის, ამას მე არ შევეგუები. ამას ვამბობ "რესპუბლიკური" ფრაქციის სახელით. "რესპუბლიკელები" ამას არ შევეგუებით. არ მიღირს ფსევდო-იმიტირებული შეთავაზება, რომელიც არის სასირცხვილო. სირცხვილია, რასაც ჩვენ მათ ვთავაზობთ. 2 000 ლარსაც რომ ვაძლევდეთ მაინც დიდი დისკომფორტი გვექნება, მაგრამ რაც ახლა ხდება არის ძალიან დიდი სირცხვილი და მე არ მინდა ამ სირცხვილში ფინანსთა სამინისტრის თანაზიარი ვიყო. მოგიწოდებთ ყველას, ჩააგდეთ ეს კანონპროექტი და პარლამენტმა თავად შემოიტანოს ახალი პროექტი. ჩვენ თვითონ დავწეროთ და შემოვიტანოთ სხვა კანონპროექტი. ორი წლის წინ ვთხოვე ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას. მოამზადეს კანონპროექტი, შემოიტანეს და წინა მოწვევის პარლამენტმა ჩააგდო. ახლაც კვლავ ვიმეორებ შეთავაზებას, ვთხოვთ შემოიტანონ და ჩვენ თვითონ ავიღებთ თავზე საკანონმდებლო ინიციატივად. ან, ჩვენ თვითონ დავიწყებთ ინიცირებას, თუ ეს აკნონი არ იქნება პარლამენტის მიერ მიღებული. არ შეიძლება, დამჭერებს ჰქონდეთ დაჭერილებზე მეტი კომპენსაცია. არ შეიძელბა ჩეკისტები უფრო მეტად იყვნენ დაფასებული სახელმწიფოს მიერ. ყველა ასაკოვანია, ყველას ანგარიშს ვუწევ, მაგრამ არ შეიძლება დამჭერები დაჭერილების ხარჯზე ცხოვრობდნენ. ეს სად ვცხოვრობთ, რა ქვეყანაში ვართ, რომელ პოსტსაბჭოურობას ვამთავრებთ, თუ ასეთ დამოკიდებულებას გავაგრძელებთ?! ჩემთვის ეს არის ინდიკატორი. ვისაც არ ესმის პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლის მიმართ პატივისცემა მოწიწება, იმას არ ესმის, რა არის დამოუკიდებელი საქართველო და საბჭოთა კავშირის დამთავრება.“
მასალის გამოყენების პირობები






