პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მოსმენების გასაღები შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელში დარჩება. ამის შესახებ პრემიერმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
ღარიბაშვილმა განმარტა თუ რატომ ეწინააღმდეგება ე.წ. გასაღების მობილური ოპერატორების ხელში ყოფნას. მისი თქმით, სახელმწიფო ქვეყნის უსაფრთხოებას უცხოურ კომპანიებს ვერ ანდობს.
„ჩემთვის ცოტა გაუგებარია ის მიდგომა, რომელიც მომდინარეობს იგივე არასამთავრობო სექტორიდან, ასევე ჩვენი გუნდის წევრებიდან. ის რაც ბატონმა შალვა შავგულიძემ თქვა, აბსოლუტურად გონივრული გადაწყვეტილებაა. სამწუხაროდ, ვერ იქნა შემუშავებული საბოლოო ვერსია, ვერ დარეგულირდა, ვერ ჩამოყალიბდნენ იმაზე, თუ როგორ უნდა მოხდეს ამ გასაღების მართვა. თუმცა ის მიდგომა, რომელიც ჰქონდა შსს-ს და მე როგორც ვიცი, გაზიარებულ იქნა პარლამენტშიც რომ, ის დარჩება შს სამინისტროს ხელში, რადგან ვერსია რომელსაც არასამთავრობოები გვთავაზობენ არის პირდაპირ სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის საფრთხის შემცველი. მე ვეწინააღმდეგები ამას, რომ ეს ე.წ. ჩართვის გასაღები იყოს მობილური ოპერატორების და სასამართლოს ხელში და თუ რატომ, ამასაც განგიმარტავთ. მობილური ოპერატორები სამივე შემთხვევაში არის უცხოური კომპანიების მფლობელობაში და არც ერთ ქვეყანაში, სადაც აქვთ სახელმწიფოს შეგრძნება და სახელმწიფოს ინტერესებს იცავენ, ამგვარი ტიპის მოწყობა არ არსებოს. სახელმწიფო ვერ ანდობს ქვეყნის და მოქალაქეების უსაფრთხოებას უცხოურ კომპანიებს“, - განმარტა პრემიერ-მინისტრმა.
მასალის გამოყენების პირობები






