ევროკომისიამ საქართველოს მიერ ვიზის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულების მიმდინარეობასთან დაკავშირებით მეორე ანგარიში მიიღო.
ევროკომისიის განცხადების თანახმად, საქართველომ სავიზო დიალოგის მოთხოვნების პირველი ფაზა დააკმაყოფილა და მეორე ფაზის დაწყება უკვე შესაძლებელია.
"კმაყოფილი ვარ შედეგების შეფასებით და მინდა საქართველოს ხელისუფლებას მივულოცო მათ მიერ გაწეული ძალისხმევის შედეგის მიღწევა. მათ აჩვენეს მნიშვნელოვანი ვალდებულება საჭირო საკანონმდებლო ცვლილებების გატარებით. ეს მნიშვნელოვანი მიღწევაა, მნიშვნელოვანი ნაბიჯია პროცესში, რომელიც საქართველოს ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის განხორციელებს მიზანს მიუახლოვებს," - აღნიშნა ევროკომისარმა საშინაო საქმეებში სესილია მალმსტრომმა.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, გასული წლის ნოემბერში კომისიის ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ საქართველომ მიიღო კანონები დოკუმენტური უსაფრთხოების, თავშესაფრის მინიჭების, ანტიკორუფციულ და ფულის გათეთრების სფეროებში, ისევე, როგორც სხვა ზომები ხარვეზების გამოსავლენად.
მასალის გამოყენების პირობები






