„ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო ზონა თავის წვლილს შეიტანს საქართველოს ეკონომიკურ ზრდაში“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა „რადისონში“ ინვესტორების წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ირაკლი ღარიბაშვილმა იმ მიღწევებზე ისაუბრა, რასაც საქართველომ უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში ეკონომიკის სფეროში მიაღწია:
"ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულება, ასევე ნატოსთან ჩვენი კავშირების გაღრმავება, კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ამ ურთიერთობებს და გვთავაზობს მათი განმტკიცების გენერალურ გეგმას.
ევროკავშირსა და საქართველოს შორის გაფორმებული ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო ზონის შეთანხმება გვთავაზობს გზამკვლევს, სტიმულირებისა და დაცვის მექანიზმებს, რომლებიც აუცილებელია ევროკავშირსა და საქართველოს შორის ვაჭრობის პოტენციალის სრულფასოვანი გამოყენებისათვის.
ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო ზონა თავის წვლილს შეიტანს საქართველოს ეკონომიკურ ზრდაში, აგრეთვე მსოფლიო ბაზრებსა და გლობალური მიწოდების ქსელებში ინტეგრაციაში და ახალ პერსპექტივებს გაუჩენს როგორც საქართველოს, ისე იმ მეწარმეებს, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში ბიზნესით არიან დაკავებული. ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო ზონა იძლევა ევროპის შიდა ბაზარზე ეტაპობრივი ინტეგრაციის შესაძლებლობას. ქართულ პროდუქციასა და მომსახურებას უკვე აქვს თავისუფალი გასასვლელი ევროკავშირის ბაზარზე.
გარდა ამისა, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო ზონა მნიშვნელოვნად ზრდის ჩვენს ქვეყანაში ინვესტიციების განხორციელების მიმზიდველობას და ქმნის ახალ საინვესტიციო შესაძლებლობებს.
წინასწარი პროგნოზით, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო ზონა გაზრდის საქართველოს ექსპორტის მოცულობას 12.4%-ით, ხოლო იმპორტს - 7.5%-ით, რაც, ამავე დროს, ნიშნავს სავაჭრო ბალანსის გაუმჯობესებას", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






