საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძე პრემიერის მიერ აფხაზების მისამართით გაკეთებულ შეთავაზებას ავტონიმიასთან დაკავშირებით არასერიოზულს უწოდებს. აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება ბაქრაძემ გადაცემა „არჩევანში“ გააკეთა.
მისი თქმით, აღნიშნულ შეთავაზებაში ახალი არაფერია, რადგან აფხაზეთი უკვე არის ავტონომიური რესპუბლიკა.
„მე ვერაფერი შეთავაზება ვერ მოვისმინე ხელისუფლებისგან. რა არის შეთავაზება, რომ 30 წლის წინ საბჭოთა კავშირის დროს აფხაზებს ჰქონდათ ავტონომია და დღეს იგივეს ვუბრუნებთ? ეს არის შეთავაზება? ისტორია მაინც არ გვახოვს? იმ ავტონომიასთან ბრძოლით დაიწყო ყველაფერი და ამას მოჰყვა ამდენი სისხლისღვრა 90-იან წლებში, რომელმაც აქამდე მიგვიყვანა. აფხაზებს ვეუბნებით, რომ რაც თქვენ არ მოგწონდათ 30 წლის წინ დღეს გაძლევთ იმას და ეს არის ჩვენი შეთავაზება თქვენს მიმართ. ეს ავტონომია არც არავის წაუღია, კონსტიტუციაში წერია, რომ აფხაზეთი არის ავტონომიური რესპუბლიკა. იმ იმედით ვთავაზობთ ამას, რომ აფხაზებს ჩვენი ისტორია არ აქვთ წაკითხული, არ იციან, რომ ავტონომიის სტატუსი აქვთ და ჩვენ რომ ვეტყვით გაეხარდებათ და დაგვთანხმდებიან? მე ამას სერიოზულ შეთავაზებად ვერ ჩავთვლი“, - განაცხადა ბაქრაძემ.
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოსახლეობას ფართო ავტონომიის პირობებში, ერთიანი და ძლიერი საქართველოს ფარგლებში თანაცხოვრება შესთავაზა.
მასალის გამოყენების პირობები






