პრემიერის დღევანდელ განცხადებას „ნიუპოსტთან“ ექსპერტი ხათუნდა ლაგაზიძე აფასებს. ექსპერტი მიიჩნევს, რომ 20 წლის შემდეგ, საქართველოს ხელისუფლებას პირველად ეძლევა შანსი, საერთაშორისო არენაზე აფხაზეთის ინტერესები წარმოადგინოს, თუმცა ლაგაზიძე პრემიერის ამ შეთავაზების შედეგიანობას ეჭქვეშ აყენებს.
„აფხაზეთთან დაკავშირებით ახალი შეთავაზება არ ყოფილა, მსგავსი ტიპის შეთავაზებები წინა ხელისუფლების შემთხვევაშიც იყო. საინტერესოა ის კონტექსტი, რა კონტექსტშიც ხდება საქართველოს ხელისუფლებიდან ასეთი კეთილგანწყობილი ტონით ამ ავტონომიის შეთავაზება. ხდება მაშინ, როცა აფხაზეთის საზოგადოების დიდი ნაწილი, ისევე როგორც პოლიტიკური ელიტის, ფაქტობრივად, რუსეთ-აფხაზეთის დოკუმენტს აფასებს, როგორც რუსეთის მხრიდან აფხაზეთის იურიდიულ ანექსიას და ასიმილერებას რუსეთის მიერ. ეს ხდება მაშინ, როდესაც აფხაზებს არავინ ჰყავთ მხარდამჭერი და ინტერესების დამცველი საერთაშორისო არენაზე, გარდა საქართველოს ხელისუფლებისა და ქართველი ხალხის. კონფლიქტიდან 20 წლის შემდეგ, პირველად ხდება ისე, რომ საქართველოს ხელისუფელბას პირველად ეძლევა შანსი, წარმოადგინოს აფხაზეთის ინტერესები საერთაშორისო არენაზე. ამ კონტექსტს თუ გავითვალისწინებთ, ეს განცხადება მართლაც კეთილგანწყობილია და უნდა გაკეთებულიყო ეს განცხადება. სხვა თემაა, იქნება თუ არა ეს შედეგიანი და ჩემი აზრით, არ იქნება შედეგიანი, მარტივი მიზეზის გამო, აფხაზები საკუთარ ბედს ვერ წყვეტენ“, - განაცხადა „ნიუპოსტთან“ საუბრისას ხათუნა ლაგაზიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






