საგარეო საქმეთა მინისტრი პრემიერის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობისათვის გაკეთებულ შეთავაზებას ეხმაურება.
მაია ფანჯიკიძის თქმით, ეს იქნება აფხაზი და ოსი ძმებისთვის გაწვდილი ხელი, თუმცა კონკრეტიკაზე საუბრისგან მინისტრი თავს იკავებს.
„ეს არის ჩვენი აფხაზი და ოსი ძმებისთის გაწვდილი ხელი იმისათვის, რომ ვიცხოვროთ ერთად და ვისარგებლოთ იმ სიკეთით, რომელიც იქნება საქართველოში მომავალი წლის განმავლობაში, არა მხოლოდ ევროპული ინტერგრაციის კუთხით, არამედ იმ დემოკრატიული განვითარებით, რომელიც ჩვენი მთავრობის ამოცანაა“, - განაცხადა ფანჯიკიძემ.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოსახლეობას ფართო ავტონომიის პირობებში, ერთიანი და ძლიერი საქართველოს ფარგლებში თანაცხოვრებას სთავაზობს.
„ეს არის მიუღწეველი, უტოპიური გეგმა, რომელსაც არც ჩვენი თაობა, არც მომავალი თაობა არასოდეს არ შევეგუებით. ეს არის ჩვენი ძირძველი მიწა-წყალი, ჩვენი ტეროტორია, რომელიც ჩვენმა წინაპრებმა საკუთარი სისხლით შემოგვინახეს დღემდე. თქვენ ვერ იქნებით ბედნიერი ჩვენს გარეშე და ჩვენ ვერ ვიქნებით ბედნიერი თქვენს გარეშე. ჩვენ მართლა გვსურს, რომ აღდგეს ნდობა ჩვენს შორის. მძიმე წარსული გადავიტანეთ, იყო ძალიან მძიმე შეცდომები, მაგრამ დღეს ჩვენ ვცხოვრობთ 21-ე საუკუნეში და გთავაზობთ, რომ ვიცხოვროთ ერთიან ძლიერ საქართველოში. თქვენ იყავით ავტონომიური რესპუბლიკა და ჩვენ გთავაზობთ იმავეს - გქონდეთ ავტონომია, მაგრამ ერთიანი დამოუკიდებელი, ძლიერი საქართველოს ფარგლებში და ვიცხოვროთ მშვიდად. ეს არის ჩემი კიდევ ერთი ძმური და მეგობრული შემოთავაზება“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






