კონსტიტუციონალისტი ავთანდილ დემეტრაშვილი აცხადებს, რომ უშიშროების საბჭოს მუდმივმოქმედი წევრები ვალდებულნი არიან, უშიშროების საბჭოს სხდომას დაესწრონ, რადგან მათ ამას კონსტიტუცია ავალდებულებს.
„მოქმედი კონსტიტუციით ეროვნული უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრები ვალდებულნი არიან, მივიდნენ სხდომაზე. შესაბამისად, თუკი ისინი არ მუშაობენ, არ ესწრებიან, ეს საკითხი სხვაგვარად უნდა მოგვარდეს. რა თქმა უნდა, მინისტრისთვის ეს იმპიჩმენტის საფუძველი არ იქნება, მაგრამ პოლიტიკური თვალსაზრისით, არასწორი საქციელია, ჩემი შეფასებით. ცხადია, მინისტრი და პრემიერი კონსტიტუციურადაც ვალდებულნი არიან, დაესწრონ სხდომას. მე მოგახსენებთ მუდმივ წევრებზე. ცხადია, მუდმივი წევრია პრემიერი. კონსტიტუციის ეს დებულება, ვგულისხმობ პრეზიდენტის როლსა და ფუნქციებს ქვეყანაში, განსხვავებულად არის სხვადასხვა კონსტიტუციონალისტისა და პოლიტიკოსის მიერ განმარტებული. ზოგი ამბობს, რომ არა, სწორედ ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაზე უნდა მოხდეს ამ საკითხის და მსგავსი საკითხების განხილვა. ის საკითხები, რომლებიც ქვეყნის უშიშროებისა და სამხედრო აღმშენებლობას ეხება, განხილული უნდა იქნეს პრეზიდენტის სათათბირო ორგანოში. ეს არის დავა, რომელიც ორ სახელმწიფო შტოს შორის მიმდინარეობს. კონსტიტუციურად, ფორმალურად იურიდიულად ეროვნულმა უშიშროების საბჭომ უნდა იმსჯელოს მხოლოდ თავდაცვისა და სამხედრო აღმშენებლობის საკითხებზე, რამდენად შედის ამ კომპონენტში აფხაზეთის საკითხი - ეს უკვე ინტერპრეტაციის საგანია“, - განაცხადა ავთანდილ დემეტრაშვილმა.
წყარო: გაზეთი „ახალ თაობა“
მასალის გამოყენების პირობები






