რა შემადგენლობით შეიკრიბება ხვალ უშიშროების საბჭო, ჯერჯერობით უცნობია. სხდომის თარიღი უცვლელია, თუმცა ვინ დაესწრება მთავრობის ადმინისტრაციაში დანიშნულ სხდომას, ამ დრომდე არ გარკვეულა. ასევე უცნობია, მივა თუ არა სხდომაზე პრემიერი.
სხდომაზე რუსეთსა და აფხაზეთს შორის ინტეგრაციისა და სამხედრო თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულების შესაძლო გაფორმებაზე, მოსალოდნელ შედეგებსა და სამოქმედო გეგმაზე უნდა იმსჯელონ.
წინასწარ ცნობილია, რომ სხდომას საბჭოს სამი მუდმივმოქმედი წევრი - შინაგან საქმეთა, თავდაცვისა და ფინანსთა მინისტრები არ დაესწრებიან. ისინი გამოუცხადებლობის მიზეზად უცხოეთში დაგეგმილ ვიზიტებს ასახელებენ.
უშიშროების საბჭოს მდივნის განცხადებით, პრეზიდენტმა ბელგიაში ვიზიტზე უარი სწორედ ამ სხდომის გამო განაცხადა. გიორგი მარგველაშვილი პირველი მსოფლიო ომის 100 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს უნდა დასწრებოდა, თუმცა, მის ნაცვლად, ბრიუსელში დავით უსუფაშვილი გაემგზავრა.
ოპოზიციაში უშიშროების საბჭოზე მთავრობის წევრთა არდასწრებას პრეზიდენტისადმი ბოიკოტად აფასებენ და აცხადებენ, რომ სხდომაზე არმისვლა ქვეყნის ინსტიტუტების ფუნქციონირების რღვევის ტოლფასია.
საპარლამენტო უმრავლესობაში აცხადებენ, რომ საბოტაჟზე ლაპარაკი საკითხისადმი არაჯანსაღი მიდგომაა.
მასალის გამოყენების პირობები






