უშიშროების საბჭოს დაგეგმილ სხდომასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა ,,ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ. მისი თქმით, მთავარი პრობლემა არის ის, რომ ხელისუფლებას ქვეყნისთვის მთავარი გამოწვევა არ აღელვებს. ბოკერიას განცხადებით, ივანიშვილის გუნდის ხელისუფლებაში ყოფნის თითოეული დღე ქვეყანას დამატებით საფრთხეს უქმნის.
"მთავარი ის არის, რომ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის ასეთი სერიოზული გამოწვევის დროს, იმ დროს, როცა დამსახურებული კრიტიკა შეხვდათ ამ საკითხზე, მიუხედავად ამისა, დემონსტრაციულად გვაჩვენებენ ყველას, მთელ ქართულ საზოგადოებას, რომ არ აღელვებთ ეს საკითხები, არ აღელვებთ ინსტიტუტები, არ აღელვებთ უსაფრთხოება და საკუთარ კინკლაობას აყენებენ ყველაფერზე წინ. ეს არის დიაგნოზი, ეს არის ორ წლისთავზე განაჩენი ივანიშვილის გუნდის, რომ თითოეული დღე ამ ხელისუფლების ჩვენს ქვეყანას უქმნის დამატებით საფრთხეებს," - აღნიშნა ბოკერიამ.
მისი თქმით, "ოლიგარქის გუნდი საქართველოს ინტერესების დასაცავად არ მუშაობს" და მათი ინიციატივები მხოლოდ მაშინ არის ეფექტური, როცა ზიანი მოაქვთ ქვეყნისთვის.
28 ოქტომბერს, საქართველოს პრეზიდენტმა უშიშროების საბჭოს სხდომა მოიწვია. მთავრობის წევრები კი სხდომაზე დასწრებას არ აპირებენ.
მასალის გამოყენების პირობები






