„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ 15 ნოემბერს რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციას გამართავს. ამის შესახებ დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე გახდა ცნობილი:
„ოკუპირებულ აფხაზეთში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე და იქიდან გამომდინარე, რომ სახეზეა რუსეთის მხრიდან საქართველოს სუვერენული ტერიტორიის ღია, თავხედური ანექსიის მცდელობა და იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოს ხელისუფლება არ აკეთებს არაფერს, რომ ეს საკითხი იდგეს საერთაშორისო თანამეგობრობის დღის წესრიგში, ჩვენ გადავწყვიტეთ ამა წლის 15 ნომებერს დედაქალაქის ცენტრში, რუსთაველის გამზირზე მოვაწყოთ საპროტესტო აქცია, რომლის მიზანიც იქნება ხმის მიწვდენა, როგორც საქართველოს ხელისუფლებისთვის, ასევე საერთაშორისო თანამეგობრობისთვის. რომ საქართველო არასოდეს შეეგუება აფხაზეთში განხორციელებულ ეთნიკურ წმენდას, საქართველოს მიწაწყლიდან გამოდევნილ ნახევარ მილიონ ადამიანს და არასოდეს შეეგუება რუსეთის მიერ აფხაზეთის ოკუპაცია-ანექსიას.
ჩვენ მოვუწოდებთ ყველა ოპოზიციურ ძალას, ყველა საზოგადოებრივ მოძრაობას და თითოეულ მოქალაქეს, ვინც იზიარებს ჩვენს შეშფოთებას მთავრობის მიერ საქართველოს უსაფრთხოებასა და რუსეთთან მიმართებაში წარმოებული კაპიტულანტური პოლიტიკის გამო, შემოუერთდნენ ამ აქციას და ვაცხადებთ მზადყოფნას, დავიწყოთ კონსულტაციები ყველასთან 15 ნოემბრის აქციასთან დაკავშირებით“, - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






