გიორგი მარგველაშვილმა და სინძო აბემ ხელი მოაწერეს საქართველოსა და იიაპონიას შორის დემოკრატიის და მშვიდობის მხარდაჭერის შესახებ მემორანდუმს. 23-პუნქტიან დოკუმენტში ყველაზე მნიშვნელოვანია მე-18 პუნქტი, სადაც საუბარი ეხება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს.
მასში ხაზგასმულია, რომ იაპონია მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ ფარგლებში და კიდევ ერთხელ იზიარებს ქართული მხარის შეშფოთებას ოკუპირებულ აფხაზეთსა და რუსეთის ფედერაციას შორის მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ ხელშეკრულების გაფორმების გეგმასთან დაკავშირებით.
საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა იაპონიის პრემიერ-მინისტრს ქვეყნის მხარდაჭერისათვის, კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების, ოკუპირებულ რეგიონების არაღიარებისა და დევნილთა უპირობო და უსაფრთხო დაბრუნების ჩათვლით.
„ჩვენ საერთაშორისო კონტექსტში მხარს ვუჭერთ, რომ უფრო მეტი პასუხისმგებლობა დაეკისროს იაპონიას, რადგან ის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი დემოკრატიული სახელმწიფოა. მადლობას ვუხდით იმისათვის, რომ მხარს გვიჭერს ერთ-ერთ ყველაზე პრობლემურ საკითხში - ოკუპირებულ ტერიტორიების პრობლემის მშვიდობიან მოგვარებასთან დაკავშირებით, რომელთა მიმართებითაც ანექსიის მცდელობას ვხედავთ,“ - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
თავის მხრივ, იაპონიის მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი კიდევ ერთხელ დაადასტურა იაპონიის პრემიერ-მინისტრმა.
„შევთანხმდით, რომ ორივე ქვეყანამ მხარი უნდა დაუჭიროს ამ მიდგომებს და უფრო აქტიური როლი შეასრულოს მსოფლიოში მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარებაში. ამ კონტექსტში იაპონიის პოზიცია ასეთია - საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დაცვის პრინციპის საფუძველზე მხარს ვუჭერთ კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარებას,” - განაცხადა იაპონიის პრემიერ-მინისტრმა სინძო აბემ.
მოლაპარაკებების შემდეგ პრეზიდენტი პრემიერ-მინისტრის სახელით გამართულ ოფიციალურ ვახშამს დაესწრო.
მარგველაშვილის ვიზიტი იაპონიაში ქვეყნის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრით დასრულდა.

მასალის გამოყენების პირობები






