საბავშვო ბაღებში გადავსებულმა ჯგუფებმა ბავშვთა უსაფრთხოება რისკის ქვეშ დააყენა. უფასო კვებამ და მოწესრიგებულმა გარემომ, სააღმზრდელო დაწესებულებებში ბავშვთა რაოდენობა რეგიონებშიც გააორმაგა, რამაც აღსაზრდელთა უსაფრთხოების პრობლემა და საგანმანათლებლო პროცესის დაამუხრუჭება გამოიწვია. თითქმის ყველგან, აღსაზრდელების რაოდენობა დასაშვებ ნორმაზე (15 ბავშვი) სამჯერ მეტია.
ამ მხრივ განსაკუთრებით მძიმე სიტუაცია ოზურგეთშია. რაიონის საბავშვო ბაღების აღსაზრდელთა მშობლები, ‘ნიუპოსტთან”, სკოლამდელ დაწესებულებებში გადავსებული ჯგუფების შედეგად გამოწვეულ იმ რისკებზე საუბრობენ, რამაც შესაძლოა გაუთვალისწინებელი შედეგები გამოიწვიოს.
"ვერ აქცევენ ყურადღებას ისე, როგორც საჭიროა, რამდენიმე დღის წინ ბავშვი ისე გამოიპარა ოთახიდან და გამოვიდა ეზოდან, ვერავინ შეამჩნია. არის სათამაშოებით ერთმანეთის დაზიანების შემთხვევები. 56 ბავშვს ერთი აღმზრდელი და ერთი ძიძა გაუმკლავდება”?-კითხულობენ მშობლები.
როგორც სააღმზრდელო-საგანმანათლებლო ცენტრში ხსნიან, პრობლემა ქალაქის ბიუჯეტის სიმცირით არის გამოწვეული, "სტანდარტულ შენობებში ჯგუფის დამატება ფართის არ ქონის გამო ვერ ხერხდება, მაგრამ, სადაც შესაძლებელია, ვერც იქ ვამატებთ, ვერ ხერხდება ბიუჯეტიდან თანხების გამოყოფა. აღირიცხება სიით 50-55 ბავშვი, საშუალოდ მოსიარულეა 38-40. ძალიან ვიღლებით, აღმზრდელობითი_საგანმანათლებლო პროცესებს ასე თუ ისე ვახერხებთ, მაგრამ ძალიან გადაღლილები ვართ", -ამბობენ აღმზრდელები.
არსებულ პრობლემებს და რისკებს ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი ეკა ნინიძე და ოზურგეთის ბაღების გაერთიანების მეთოდისტი ეთერ ჩხაიძეც ადასტურებს: "მეტი რაოდენობის საბავშვო ბაღა საჭირო. 140 ბავშვზე გათვლილ ტიპიურ შენობებში 220 ბავშვი ირიცხება და ამას სათანადო მომზადება სჭირდება. იქმნება რისკი ყურადღების მხრივ საჭიროა მომსახურე პერსონალის დამატებაც”. შექმნილი პრობლემიდან გამოსავალს კი ეკა ნინიძე სააღმზრდელო დაწესებულებების რაოდენობის გაზრდაში ხედავს.
ექსპერტების განცხადებით თითო ბავშვზე საშუალოდ ორი კვადრატული მეტრი ფართია განსაზღვრული. დღეის მდგომარეობით კი, ეს მაჩვენებელი ნახევარ მეტრსაც არ შეადგენს, მაგალითად 2-3 წლიან ჯგუფებში 25-ის ნაცვლად 60 აღსაზრდელია, რასაც იმავე ექსპერტთა თქმით ნულამდე დაყავს ბავშვთა უსაფრთხოება და საგანმანათლაბლებლო პროცესი. “ასეთ სიტუაციაში საბავშვო ბაღების მთელი პერსონალი გადართულია მხოლოდ ერთი მიმართულებით, დღის ბოლოს მშობლებს ბავშვები როგორმე უვნებელი ჩააბარონ,” - აცხადებს ექსპერტი.
ქალაქ ოზურგეთში სულ 8 საბავშვო ბაღია, სადაც დღეის მონაცემებით 1080 ბავშვი ირიცხება.
თეა იოსელიანი - გურია
მასალის გამოყენების პირობები






