საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლევან ბერძენიშვილი მიიჩნევს, რომ ადიგენში მცხოვრები მუსლიმანი მოსახლეობის მოთხოვნის შესასრულებლად ადგილობრივ ხელისუფლებასა და მოსახლეობას შორის საერთო ენა უნდა გამოინახოს.
„ადიგენის რაიონში მცხოვრებ მუსლიმებს არ აქვთ ისეთი მოთხოვნები, რომლის გათვალისწინებაც შეუძლებელია. მიმაჩნია, რომ ადგილობრივმა ხელისუფლებამ სოფლის მოსახლეობასთან საერთო ენა უნდა გამონახოს. ეს სავსებით შესაძლებელია და ამასთანავე საჭიროცაა. რა საჭიროა, რომ იქ ვითარება იმ მიმართულებით განვითარდეს, რომ მათ პოლიციის ენაზე ველაპარაკოთ. ჩემი აზრით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ საერთო ენა გამოინახოს. რაღაცეები ორივე მხარემ უნდა დათმოს და კომპრომისი მოიძებნება. აუცილებელია, რომ რაც შეიძლება რბილად გადაწყდეს ეს საკითხი. მიმაჩნია, რომ სადაც არიან მორწმუნეები და ითხოვენ მეჩეთის აშენებას, იქ უნდა აშენდეს. ამაში ვერავითარ პრობლემას ვერ ვხედავ. მითუმეტეს, რომ სოფლის მუსლიმან მოსახლეობას შორსაა. დაპირისპირება მოქალაქეებს შორის არ ყოფილა. ამიტომ საერთო ნიადაგის მოძებნა სრულიად საკმარისია. მორწმუნეებს ყველგან აქვთ უფლებები. ამბობენ, რომ უნდათ მეჩეთი, ეს არის ბუნებრივი მოთხოვნა, რომელიც ყველა კანონის ჩარჩოში ჯდება და ეს მოთხოვნა უნდა შესრულდეს. თუკი რამეს ეწინააღმდეგება, ეს სხვა საკითხია, მაგრამ როგორც ვუყურებ, იქ სერიოზული პრობლემა არ უნდა იყოს“, - განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.
წყარო: გაზეთი „რეზონანსი"
მასალის გამოყენების პირობები






