პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" საგარეო საქმეთა მინისტრსა და მის მოადგილეს "პოლიტიკურად მცდარი განცხადებების" გაკეთებაში ადანაშაულებს.
ეს შეფასებები დღეს პარლამენტში გაკეთდა, სადაც რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის გასაფორმებელ ხელშეკრულებასა და ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატის შენარჩუნებაზე მსჯელობენ. კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე ჟენევის მოლაპარაკებების 29-ე რაუნდის დეტალებს კანონმდებლებს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ზალკალიანი აცნობს.
უმცირესობა საგარეო საქმეთა მინისტრსა და მის მოადგილეს პოლიტიკურად მცდარი განცხადებების გაკეთებაში ადანაშაულებს.
„მაია ფანჯიკიძემ დაუშვა სერიოზული შეცდომა, როდესაც მან განაცხადა, რომ, თუ რუსეთი აფხაზეთთან ხელშეკრულებას ხელს მოწერს, მაშინ ჟენევის ფორმატი აზრს კარგავს. ქართული მხარესთვის ამ ფორმატის ჩაშლის დაბრალება იქნება დიდი ზიანის მომტანი. ეს იყო რუსეთის თამაშზე აყოლა და ასეთი შეცდომა არც ფანჯიკიძეს და არც ზალკალიანს არ უნდა დაეშვათ", -განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.
არასამთავრობო ორგანიზაცია "რეფორმების ასოციაციის" წარმომადგენელის, შოთა უტიაშვილის თქმით, "რუსეთ-აფხაზეთის ხელშეკრულების პროექტის თანახმად ხდება საზღვრების გავლება ისე, რომ ვერც გალელი ქართველები და ვერც საერთაშორისო მისიები საზღვრის გადაკვეთას ვეღარ შეძლებენ".
უმრავლესობა ხელშეკრულების გაფორმების შესაჩერებლად საერთაშორისო თანამეგობრობის მაქსიმალური ძალისხმევის ამოქმედებაზე საუბრობს.
პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, ვიქტორ დოლიძე ასევე აცხადებს, რომ "აუცილებლად შენარჩუნებული უნდა იყოს ჟენევის ფორმატიც, რადგან ეს არის ერთადერთი შემთხვევა, როდესაც საქართველო მოლაპარაკებებზე რუსეთთან მარტო არ არის".
მასალის გამოყენების პირობები






