ვალერი გელაშვილის საქმეზე საერთაშორისო ექსპერტების მიერ გამოტანილ დასკვნას არასამთავრობო ორგანიზაციები ეხმაურებიან. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას მიაჩნია, რომ პროკურატურა ვალდებულია გელაშვილის საქმის გამოძიება განაგრძოს და ყველა კითხვას გასცეს პასუხი.
„თავიდანვე გაჩნდა ეჭვი მაღალი თანამდებობის პირების სავარაუდო კავშირთან ამ საქმესთან. შესაბამისად, პროკურატურა არათუ უფლებამოსილი, რამედ ვალდებულია, რომ გამოიძიოს ეს საქმე და გასცეს ყველა კითხვას პასუხი“, - განაცხადა საია-ს ხელმძღვანელმა.
საპარლამენტო უმრავლესობა საქმის გამოძიების პროცესში საერთაშორისო ექსპერტების ჩართვის მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას, რაც მათი შეფასებით ნდობის გარანტი უნდა იყოს. მმართველი გუნდი ასევე იმედოვებს, რომ სასამართლო პროცესებიც ობიექტურად წარიმართბა და საბოლოო განაჩენიც სამართლიანი იქნება.
ოპოზიცია კი კვლავ ოპონენტთა დევნის პოლიტიკურ მოტივზე საუბრობს და დასკვნის ობიექტურობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს.
„ისეთი ცივილიზებული ქვეყნების პროკურატურები როგორიც არის საფრანგეთი, იტალია და საბერძნეთი, იგივე და მსგავს საქმეებში ხედავენ პოლიტიკურ მოტივს, აღარაფერს ვამბობ ამ ქვეყნების სასამართლოებზე. პროკურატურებიც ხედავენ პოლიტიკურ მოტივს. ამდენად, თუ რას ათქმევინებენ დაქირავებულ, ჩამოყვანილ კონსულტანტებს ივანიშვილის რეჟიმის წარმომადგენლები, ნამდვილად საინტერესო რ არის“, - განაცხადა ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა გიორგი კანდელაკმა.
ვალერი გელაშვილის თავდასხმის გამოძიების საქმეზე პროკურატურამ უცხოელი კონსულტანტების წინასწარი დასკვნა გუშინ გამოაქვეყნა.
პროკურატურის ცნობით, უწყებაში მოწვეულმა საერთაშორისო მრჩეველთა საბჭომ შეისწავლა 2005 წლის 14 ივლისს ვალერი გელაშვილზე განხორციელებული თავდასხმის საქმე და დაასკვნა, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებები საკმარისია, რათა გაგრძელდეს სისხლის სამართლებრივი დევნა მიხეილ სააკაშვილის, ივანე მერაბიშვილის, ერეკლე კოდუას და გია სირაძის მიმართ.
მასალის გამოყენების პირობები






