საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა იაპონიაში ვიზიტის ფარგლებში, ადგილობრივ მედიასთან შეხვედრისას ნატო-საქართველოს ურთიერთობებსა და პერსპექტივებზე ისაუბრა:
„საქართველო არ უყურებს ნატო-ს როგორც პრობლემის გადაჭრის საშუალებას. საქართველო გადაჭრის ამ პრობლემას არა სამხედრო გზით, არამედ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები საზოგადოებისა და მოსახლეობის ჩართულობით საქართველოში მიმდინარე პოზიტიურ პროცესებში. ასევე, არ ვეთანხმები იმ აზრს, რომ არ ყოფილა ისეთი ქვეყნები, რომლებიც ნატო-ს წევრები გახდნენ და არ ჰქონიათ ტერიტორიული პრობლემები. ჩვენ ამის მაგალითები გვაქვს. მე ნატო-ს ვუყურებ როგორც არა წინააღმდეგობრივს, არამედ უფრო მეტად პოზიტიურ პროცესს, რომელიც ევროპაში განვითარდა. როდესაც მე ვხედავ ნატო-სა და ევროკავშირის გაფართოებას, მე ასევე ვხედავ ძალიან მშვიდობიან პარტნიორობას რუსეთსა და ნატო-ს წევრ სახელმწიფოებს შორის. მათ ასევე აქვთ სპეციალური ფორმატი რუსეთთან ურთიერთობებისთვის, თუმცა, უეცრად ეს საკითხები მწვავე გახდა, პრობლემური საქართველოს, უკრაინისა და ყოფილი საბჭოთა ქვეყნების ჭრილში. ეს არ არის რუსეთ-ევროკავშირისა და რუსეთ-ნატოს ურთიერთობების გამო. ეს არის გამოცხადებული პრივილეგირებული ინტერესების ზონის არსებობის თეორიის გამო, რომელიც განსაზღვრავს, რომ რუსეთს აქვს სპეციალური უფლებები, ინტერესები და შესაძლებლობები თავის მეზობლებთან მიმართებაში. ეს არის მთავარი პრობლემა. მეზობლებთან დამოკიდებულების პრობლემა“, - განაცხადა მარგველაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






