ადიგენში მომხდარ დაპირისპირებას მთავრობის სხდომაზე პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი გამოეხმაურა. პრემიერის განმარტებით მსგავსი საკითხები თავდაპირველად რელიგიის საკითხთა სააგენტომ უნდა შეისწავლოს და შემდეგ მიეწოდოს მთავრობას:
„მე ვადასტურებ, რომ გადმომცა თხოვნა სამცხე-ჯავახეთის მუფთმა, მაშინ, როცა მე ვიყავი ბათუმში. ეს თხოვნა იყო მუსულმანებისგან, რომ ეს საკითხი იქნებ კიდევ ერთხელ განგვეხილა. თუმცა, მე მსურს ყველა რელიგიის წარმომადგენელს კიდევ ერთხელ შევახსენო, ჩვენ, სახელმწიფომ, შევქმენით რელიგიის საკითხთა სააგენტო, სწორედ ასეთი საკითხების შესწავლის მიზნით. ყველა ასეთი საკითხი ჯერ უნდა შეისწავლოს ამ სააგენტომ, რომელიც შემდგომ მოგვმართავს მთავრობას თუ რაიმე გადასაწყვეტი საკითხი იქნება, მსგავსი რამ არ მომხდარა. შემდეგ მოხდა ისე, რომ მე ვესაუბრე მხარის გუბერნატორს, რომელსაც გუშინწინ ჰქონდა კომუნიკაცია ამ რეგიონის მუფთთან და ისინი საბოლოო ჯამში ჩამოყალიბდნენ იმაზე, რომ მუფთისთვის მოეწყობოდა მცირე ზომის რეზიდენცია, ამავე სოფელში არსებული მეჩეთის ტერიტორიაზე. გუშინ რაც ვიხილეთ, ეს არის სამწუხარო, მე ვგმობ ყოველგვარ ძალადობას და ეს არის მიუღებელი. კანონის წინაშე ყველა მოქალაქე თანაბარია და განსხვავება არ აქვს თუ რომელი მოქალაქე, რომელი რელიგიის კუთვნილების იქნება“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






