ჟენევის მოლაპარაკებები შეიძლება ჩაიშალოს. ამის მიზეზად ოკუპირებულ აფხაზეთსა და რუსეთს შორის გასაფორმებელი ხელშეკრულება სახელდება. ქართული მხარის თქმით, აღნიშნული ხელშეკრულება მოლაპარაკებების პროცესს საფრთხეს შეუქმნის. რუსეთის საგარეო უწყების განცხადებით, ქართული მხარე ცდილობს, დაამძიომოს ფონი ჟენევის მოლაპარაკებისთვის. მათი მოსაზრებით, საქართველო დაინტერესებულია, ამ მოლაპარაკების ჩაშლით.
ჟენევის ფორმატის შეხვედრების შესაძლო ჩაშლას საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტები ეხმაურებიან .
საზოგადოებრივი მოძრაობა „ივერიას“ დამფუძნებლის ნიკოლოზ ვაშაკიძის თქმით „ჟენევის ფორმატი არის გარკვეულ კრიზისში შესული და ეს განცხადებები ამაზე მეტყველებს, ამ თვალსაზრისით მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ჩაშლის შემთხვევაში, ეს ვის დაბრალდება, შესაბამისად მხარეები შეეცდებიან, რომ მოპირდაპირე მხარე დაადანაშაულონ“. ვაშაკიძემ აბაშიძე-კარასინის შეხვედრების ფორმატზეც გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ ამ შეხვედრებს ილუზიის შექმნის ფუნქცია აქვს „აბაშიძე-კარასინის ფორმატი თამაშობს ერთგვარი ლეღვის ფოთლის ფუნქციას, რომ გარკვეული პოზიტივის ილუზია შექმნას იქ, სადაც, პრაქტიკულად, სრული ნეგატივი გვაქვს.“
სერგი კაპანაძის განცხადებით, მთავარი მხარე, რომელიც იგებს ამ ფორმატის არსებობით, საქართველოა.
„პირველ რიგში, არის ჩვენს ინტერესებში მოლაპარაკებების შენარჩუნება, ამიტომ დამუქრება იმით, რომ ფორმატი შეიძლება ჩაიშალოს და საფრთხე შეუქმნას, რაც არ უნდა სიმართლე იყოს, ჩვენს იმტერესებში არ არის. ჩვენ ვართ მთავარი მხარე, რომელიც იგებს ამ ფორმატის არსებობით, რადგან ეს არის ინკლუზიური ფორმატი საერთაშორისო მედიაციის ქვეშ და რომელშიც მონაწილეობენ ჩვენი დევნილი ხელისუფლების წარმომადგენლები“- აცხადებს კაპანაძე.
საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე ნინო კალანდაძე აღნიშნავს, რომ ჟენევის ფორმატი რუსეთისთვის ძალიან არაკომფორტულია და რუსეთი თავის დაძვრენას ცდილობს.
„რუსეთი აუცილებლად გამოიყენებს ნებისმიერი სახის რიტორიკასა და ქმედებას ქართული მხარის მხრიდან, რომ ჟენევის მოლაპარაკების შემდეგი რაუნდი ჩაშალოს და საერთოდ, ეს ფორმატი გააუქმოს, რუსეთი ცდილობს თავი დაიძვრინოს ამ ფორმატიდან , რადგან ეს ფორმატი მისთვის ძალიან არაკომფორტულია, სადაც მას საერთშორისო წარმომადგენლობის წინ , მუდმივად უწევს თავის მართლება, რატომ არ ასრულებს არებულ ვალდებულებებს.“-ამბობს ნინო კალანდაძე.
მასალის გამოყენების პირობები






