ჟენევის მოლაპარაკებები შეიძლება ჩაიშალოს. ამის მიზეზად ოკუპირებულ აფხაზეთსა და რუსეთს შორის გასაფორმებელი ხელშეკრულება სახელდება. ქართული მხარის თქმით, აღნიშნული ხელშეკრულება მოლაპარაკებების პროცესს საფრთხეს შეუქმნის. რუსეთის საგარეო უწყების განცხადებით ქართული მხარე ცდილობს დაამძიმოს ფონი ჟენევის მოლაპარაკებისთვის , მათი მოსაზრებით საქართველო დაინტერესებულია ამ მოლაპარაკების ჩაშლით.
ჟენევის ფორმატის შეხვედრების შესაძლო ჩაშლას ოპოზიციის წარმომადგენლები ეხმაურებიან .
ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით საქართველოს ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის , რომ ეს ერთადერთი საერთაშორისო ფორმატი, ამ ფორმით შენარჩუნდეს.
„იმ ფონზე როდესაც რუსეთი აფხაზეთის ანექსიას აპირებს, კიდევ უფრო საჭიროა ჟენევის ფორმატი, შესაბამისად არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ავყვეთ რუსულ თამაშს და საქართველოს მხარემ თვითონვე თქვას, რომ ჟენევის ფორმატი უნდა გააუქმოს. ჟენევის ფორმატი უნდა გადარჩეს და თუ ვერ გადარჩება ეს იქნება საქართველოს ხელისუფლების ყველაზე დიდი დე-იურე წარუმატებლობა და საქართველოს ინტერესებისთვის მიყენებული უდიდესი ზიანი ბოლო ორი წლის განმავლობაში.“- აღნიშნავს ზურაბ ჭიაბერაშვილი
გიგა ბოკერიას თქმით, რუსეთს სურს პასუხისმგებლობა აიცილოს და საქართველო-აფხაზეთის საკითხში კონფლიქტის უშუალო მონაწილის ნაცვლად მომრიგებელი მოსამართლის როლი მოირგოს:
„ეს არ არის ძველი ჟენევის ფორმატი, 90 იანი წლების, შევარდნაძის დროინდელი, სადაც ჩვენ და აფხაზები ვიყავით თანაბარი სტატუსით და რუსეთი იყო მომრიგებელი მოსამართლე, ეს შეიცვალა 2008 წლის შემდეგ, რუსეთს დღემდე სურს ამის უკან დატრიალება, რუსეთისთვის უნდა იყოს ნათელი, რომ თუ ეს ფორმატი ჩაიშლება, ეს მოხდება მათ გამო და დაბრალდება მხოლოდ მათ“ -აცხადებს ბოკერია.
მასალის გამოყენების პირობები






