შედგება თუ არა მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი ჟენევაში, საკითხი ამ დრომდე გაურკვეველი რჩება. გადაწყვეტილებას თანათავმჯდომარეებთან კონსულტაციების შედეგად მიიღებენ.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ფორმატის შეწყვეტა ქვეყნის ინტერესებში არ შედის და ქართული მხარე მიმართავს ყველა ზომას, რომ ჟენევის მოლაპარაკებები გაგრძელდეს.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მაია ფანჯიკიძის განცხადებით, მთავრობა ყველაფერს გააკეთებს, რომ ჟენევის ფორმატს საფრთხე არ დაემუქროს. მისივე თქმით, აბაშიძე-კარასინის დიალოგი ჟენევის დისკუსიებს ვერ ჩაანაცვლებს.
"რუსეთისა და დეფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან მუდამ არის იმის მცდელობა, რომ ჟენევის მოლაპარაკებები ჩაიშალოს, ან შეიცვალოს მისი ფორმატი, მაგრამ საქართველოს ინტერესებშია ამ ფორმატის ასე შენარჩუნებ და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ჟენევის ფორმატს საფრთხე არ დაემუქროს. აბაშიძე-კარასინის დიალოგი არის სულ სხვა რამ. ეს დიალოგი ვერასოდეს ვერ ჩაანაცვლებს ჟენევას, რომელიც არის უსაფრთხოების და დევნილების საკითხების მოსაგვარებლად შექმნილი" - აცხადებს ფანჯიკიძე.
ცნობისთვის, ჟენევის მოლაპარაკებები შეიძლება ჩაიშალოს. ამის მიზეზად ოკუპირებულ აფხაზეთსა და რუსეთს შორის გასაფორმებელი ხელშეკრულება სახელდება. ქართული მხარის თქმით, აღნიშნული ხელშეკრულება მოლაპარაკებების პროცესს საფრთხეს შეუქმნის. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით კი, ჟენევის მოლაპარაკებების ჩაშლით ქართული მხარეა დაინტერესებული.
მასალის გამოყენების პირობები






