პრემიერ-მინისტრის საგანგებო წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში, ზურაბ აბაშიძემ პარლამენტში უმრავლესობასთნ გამართულ შეხვედრაზე ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატის შენარჩუნების საკითხი დასვა.
ზურაბ აბაშიძემ დღეს საპარლამენტო უმრავლესობას კარასინთან გამართული ბოლო შეხვედრის დეტალები გააცნო და რუსეთ-აფხაზეთს შორის ახალი ხელშეკრულების შესაძლო გაფორმების საკითხზეც ილაპარაკა. სწორედ ამ კონტექსტში აღნიშნა, რომ ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატის შენარჩუნება აუცილებელია.
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ თედო ჯაფარიძემ აბაშიძეს კითხვა დაუსვა, ჟენევის დისკუსიაზე კარასინ-აბაშიძის მოლაპარაკებების ფორმატი რამდენად ახდენს გავლენას და შესაძლოა თუ არა ჟენევის ფორმატს საფრთხე შეექმნას მაშინ, როცა რუსეთ-აფხაზეთს შორის ახალი ხელშეკრულების გაფორმებაზეა საუბარი.
ზურაბ აბაშიძემ აღნიშნა, რომ აფხაზეთში მიმდინარე მოვლენებს სერიოზული მონიტორინგი სჭირდება.
„ჩვენი ზედმეტი აქტიურობით და ისტერიით არ უნდა შევუწყოთ ხელი იმ პროცესის დაჩქარებას და ისეთი ხელშეკრულების დადებას, რომელიც მაინცდამაინც თვითონ აფხაზებსაც არ უნდათ,“ - განაცხადა აბაშიძემ და განმარტა, რომ ამ სტრატეგიის კარგად გააზრებაა აუცილებელია.
მასალის გამოყენების პირობები






