პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტეში ოჯახური ძალადობის თემაზე მსჯელობა მიმდინარეობს სხდომას იუსტიციის მინისტრი და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები, სახალხო დამცველი და პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრები ესწრებიან.. პარლამენტში მიწვეულნი არიან არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებიც, რომლებიც პრევენციულ ღონისძიებებამდე არსებული კანონმდებლობის დახვეწაზე საუბრობენ.
"ოჯახში ძალადობის ბოლო პერიოდში მომხდარ მიზეზთა ანალიზი და პრევენციის ღონისძიებათა ძიების შესახებ" გამართულ სხდომაზე იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა რამდენიმე საკითხზე გაამახვილა ყურადღება.
მისი თქმით, ამ პრობლემის დასაძლებად აუცილებელი იქნება სახელმწიფოსა და ეკლესიის ერთად მუშაობა:
"რამდენიმე წინადადებიან ქადაგებაშიც კი გაუთვითცნობიერებელმა ადამიანმა შეიძლება გაიგოს ის, რასაც ეკლესია არ ქადაგებს და ამიტომ დაგვჭირდება ეკლესიასთან ერთად მუშაობა იმისთვის, რომ ვებრძოლოთ იმას, რაც დაუშვებელია," - განაცხადა თეა წულუკიანმა.
მან, ასევე, პოლიციის მნიშვნელოვან როლს გაუსვა ხაზი: "უბნის ინსპექტორმა ყველაზე კარგად იცის, თუ რომელი ოჯახიდან გამოდის წივილ-კივილი და პოზიტიური ვალდებულება აქვს პოლიციას, რომ გონივრული ეჭვის საფუძველზე ეს ოჯახი შეამოწმოს."
წულუკიანის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის დონეზე იმუშავებს უწყებათშორისი საბჭო ამ საკითხების მოსაგვარებლად.
იუსტიციის მინისტრმა, საპარლამენტო ტრიბუნიდან მამაკაცებსაც მიმართა: "ჩემი უმორჩილესი თხოვნა იქნება მამაკაცებისადმი, რომ ებრძოლონ ამ პრობლემა. ალბათ, ქართველმა ქალებმა მოღალატე კაცების კვლა რომ დაიწყონ, ცუდად დამთავრდება ეს ამბავი. ღალატს სქესი არ აქვს", - განაცხადა თეა წულუკიანმა.
მასალის გამოყენების პირობები






