ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაცით დაზარალებულები საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით უკმაყოფილონი არიან. 2006 წლის 12 იანვარს ჩატარებული ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის დროს გარდაცვლილი ახალგაზრდების ოჯახის წევრები ახალაიას, ქარდავას და მაზმიშვილის საქმეზე მოსამართლის მიერ გამოცხადებული განაჩენით კმაყოფილი არიან. დაზარალებულები აცხადებენ, რომ ისინი უმაღლეს სასჯელს - უვადო პატიმრობას მოითხოვდნენ ბრალდებულებისათვის, თუმცა ამის მიუხედავად, 8 წლის მერე მათი დამნაშავედ ცნობა მათთვის მაინც მისაღები გადაწყვეტილებაა.
„ახალი დეტალები ბევრი გამოიკვეთა მაგრამ მე სასამართლოს განაჩენს ვეცნობოდი და ვიცოდი რაღაც ნაწილი. ველოდი უმაღლეს სასჯელს, მაგრამ ნაწილობრივ სუსტი სასჯელი მისცა. ასეთ ჯალათებს უვადო პატიმრობა ეკუთვნოდათ“, - განაცხადა სპეცოპერაციის შედეგად დაზარალებულმა ოთარ სურმანიძემ.
საქმეში კიდევ ერთი დაზარალებული, მიხეილ ართმელიძე კი მოსამართლის მადლობელია "დანაშაულის სამართლიანი განსჯისათვის".
"მადლობას ვეტყვი მოსამართლეს იმისათვის, რომ 8 წლის წინ დაძირული და დაძინებული საქმე გააღვიძა. ძალიან მეცოტავა ეს სასჯელი, ჩვენ მოვითხოვდით უვადო პატიმრობას აი ამ პირების მიმართ - აბა ვინ ჩახოცა ეს ბიჭები? ბუნებრივად ჩაიხოცნენ ავტომატებით? ვინ მიუწყო ავტომატები ამ ბიჭებს? ეს ბრალდება იყო შეთითხნილი - როდის იყო, რომ რუსთავის ციხე აიღო სამმა ბიჭმა“, - განაცხადა მიხეილ ართმელიძემ.
ხმაურიანი განცხადებები გააკეთეს გიორგი მაზმიშვილის ახლობლებმა. მისი ოჯახის წევრები აცხადებდნენ. რომ საქმე პოლიტიკურად მოტივირებული იყო და მათი შვილი მხოლოდ ბაჩო ახალაიასთან მეგობრობისთვის დაისაჯა.
მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა ბაჩო ახალაიას საქმეზე განაჩენი დღეს გამოაცხადა. მას 7 წლითა და 6 თვით პატიმრობა შეეფარდა. მასთან ერთად თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ ლევან და მეგის ქარდავებს და გიორგი მაზმიშვილს.
მასალის გამოყენების პირობები






