თბილისის მერი დავით ნარმანია დაინტერესდება, მუშაობენ თუ არა გამგეობებში ქურდული სამყაროს წევრობისთვის ნასამართლევი პირები. ნარმანიას განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ მსგავსი ფაქტი დადასტურდება, მერია შესაბამის ზომებს მიიღებს.
განცხადება აღნიშნულ თემაზე დავით ნარმანიამ დედაქალაქის მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა, როდესაც მას კითხვა ალექსანდრე, იგივე საშკა სანაძის შესახებ დაუსვეს.
სხდომაზე დამსწრე ერთ-ერთმა ჟურნალისტმა განაცხადა, რომ წარსულში ქურდული სამყაროს წევრობისთვის ნასამართლევი სანაძე დღეს მთაწმინდის რაიონის გამგეობაში გამგებლის მოადგილის პოსტს იკავებს.
ჟურნალისტებთან საუბრისას სანაძის გამგებლის მოადგილის პოსტზე ყოფნას არც ნარმანია და არც თავად გამგებელი არ უარყოფენ, თუმცა არ ადასტურებენ მის ნასამართლეობას ქურდული სამყაროს წევრობისთვის.
მასალის გამოყენების პირობები






