პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე პრეზიდენტის ყოფილი მრჩევლის ვანო მაჭავარიანის იმ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც რუსეთ-საქართველოს პრეზიდენტების შეხვედრა ავალბრის რეზიდენციაში იგეგმებოდა.
„დავსვათ კითხვა, რატომ გაიხსენა დღეს ივანე მაჭავარიანმა ეს საკითხი, მას შემდეგ, უამრავი დრო გავიდა. არაფერი არ ხდება ისეთი, რაც იმ მოვლენას გაგვახსენებს, როცა ლაპარაკი იყო პუტინ-მარგველაშვილის სავარაუდო შეხვედრაზე. შეიძლება თემებმა მოიკლო მარგველაშვილთან მიმართებაში და ამიტომ გაიხსენა მაჭავარიანმა ეს შეხვედრა, ან მეორე ვარიანტია და უფრო რეალური, მაჭავარიანი ცდილობს, ბრალი დასდოს ხელისუფლებას რუსეთთან არასწორ პოლიტიკაში, რადგან, თუკი ეს შეხვედრა შედგებოდა, შეიძლება ამ შეხვედრას აზრი ჰქონოდა, თუ პრეზიდენტებს შორის იქნებოდა კონტაქტი, ეს ცუდი არ იქნებოდა. თუკი არსებობს აბაშიძე-კარასინის მოლაპარაკების ე.ი. ამას აქვს აზრი. რუსეთის მოქმედებების პროგნოზი რთული სათქმელია, თუკი საქმე დასჯაზე მიდგა, რუსეთს მარტივად შეუძლია ცხინვალიდან დაძრას შეიარაღებული არმია და საქართველო შუაზე გადაჭრას. ამის გაკეთებას სულ ერთი საათი სჭირდება. ქვეყანას, რომელმაც, ფაქტობრივად, მთელი ევროპის წინააღმდეგ გადადგა ნაბიჯი და უკრაინას გადაუარა, ერთსაათიანი მარშის გაკეთება არ გაუჭირდება, არც სინდისი შეაწუხებს და არც თავმოყვარეობა და თუ ამ მიმართულებით ამოძრავდა რუსეთი, ის მთელ თავის არსენალს გამოიყენებს. აფხაზეთთან დადებული ხელშეკრულება საქართველოსთვის შეიძლება იყოს ყვითელი ბარათი. რუსეთს უმტრობ თუ უმეგობრებ, ამით არაფერი იცვლება. თუ მტრულად ხარ რუსეთთან, ამ შემთხვევაში ვუადვილებთ დაპყრობას, ეს ჩვენ უკვე ვნახეთ 2008 წელს, როცა სააკაშვილი გადავიდა აგრესიულ პოლიტიკაზე რუსეთთან. ფაქტობრივად, იძულებულები ვართ, დიპლომატიური მაგიდიდან ვებრძოლოთ რუსეთს ჩვენი ინტერესებისთვის. თანაც, ეს ინტერესები არც ერთ შემთხვევაში არ უნდა დათმო, თორემ მერე უარესს იზამს“, - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ გაზეთ „ალიასთან“ საუბარში.
მასალის გამოყენების პირობები






