გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ, საქართველოს სარისკო ქვეყნების ჯგუფში შეყვანას, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, დავით ზალკალიანი გამოეხმაურა. ზალკანიანმა ის მიზეზები განმარტა, თუ რატომ აღმოჩნდა საქართველო აღნიშნულ სიაში.
როგორც დავით ზალკალიანმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, ასეთი ტიპის განცხადებებს გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო, ისევე როგორც ევროპის ქვეყნების საგარეო საქმეთა სამინისტროები, ყოველწლიურად ავრცელებენ და როგორც ზალკალიანი აცხადებს, ამაში საგანგაშო არაფერია.
"თუკი თქვენ ყურადღებით წაიკითხავთ სხვა ქვეყნებთან მიმართებაში გამოთქმულ პოზიციას, დიდ განსხვავებას ვერ დაინახავათ იგივე პოლონეთთან, რუმინეთთან, ასევე საფრანგეთთან მიმართებაში. ანუ სიაში არის ევროკავშირის წამყვანი ქვეყნები, სადაც მსგავსი ტიპის განცხადებები მათთან მიმართებაშიც არის გამოთქმული", - განაცხადა ზალკალიანმა.
როგორც ზალკალიანმა აღნიშნა, საქართველოს სარისკო ქვეყნების სიაში შეყვანა, მნიშვნელოვანად განაპირობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილმა სიტუაციამ და იქ არსებულმა უკონტროლო პროცესებმა, რომელსაც საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება ვერ აკონტროლებს. ზალკალიანის თქმით ეს ერთ-ერთი მთავარი მიზეზია.
"მეორე მიზეზი ასევე შემიძლია დაგისახელოთ, ძალიან სერიოზული გამოხმაურება მოჰყვა გერმანულ პრესაში სვანეთში მომხდარ ინციდენტს, როდესაც რამდენიმე გერმანელი ტურისტი დააყაჩაღეს. სწორედ ამ ფაქტმა გამოიწვია ძალიან სერიოზული აჟიოტაჟი გერმანულ პრესაში. ჩვენი ვარაუდით და ინფორმაციით, დიდწილად სწორედ ამით არის განპირობებული აღნიშნულ სიაში საქართველოს მოხვედრა", – განაცხადა ზალკალიანმა.
მისივე თქმით, აქედან გამომდინარე, განსაკუთრებული ყურადღება მართებს ყველას, განსაკუთრებით იმ სტრუქტურებს, რომლებიც პასუხისმგებლები არიან ქვეყანაში ტურისტების და ვიზიტორების უსაფრთხოების კუთხით, რათა კიდევ უფრო გამკაცრდეს კონტროლი ამ მიმართულებით.
გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ გერმანიის ხელისუფლებამ თავის მოქალაქეებს მოუწოდა, საქართველოში მოგზაურობისგან თავი შეიკავონ.
მასალის გამოყენების პირობები






