პარაგრაფი 5.3. ,,მოითხოვს პარლამენტისაგან ისეთი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კანონის მიღებას, რომელიც გამორიცხავს ასეთი დარღვევის ჩამდენ პირთა დაპატიმრების შესაძლებლობას."
რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, საქართველოში დღესაც მოქმედებს 1984 წლის 15 დეკემბერს საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ კანონმდებლობა აწესებს სხვადასხვა ტიპის სანქციებს, მათ შორის ფულად ჯარიმებსა და დაპატიმრებასაც კი, ისეთი ქმედებებისათვის, რომელიც სისხლის სამართლის დანაშაულისაგან განსხვავებით არ იწვევს ნასამართლობას, შედარებით მსუბუქი ხასიათის გამო.
ასევე შემაშფოთებელია პოლიციის უფლება ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის თავისუფლება აღუკვეთოს ანუ დააკავოს პირი.
უფრო მეტიც, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი დაკავებასთან ერთად, აუცილებლობის შემთხვევაში ითვალისწინებს პირისათვის თვისუფლების აღკვეთის ისეთ ფორმასაც, როგორიც არის პოლიციაში მიყვანა.
მიმდინარე წლის ივნისში საპარლამენტო უმრავლესობის მიერ ინიცირებული იქნა საკანონმდებლო ცვლილება, რომლის ერთადერთ ნოვაციასაც წარმოადგენს დაკავებული პირისათვის დაუყოვნებლივ განმარტების ვალდებულება, თუ რა დარღვევისათვის არის დაკავებული და რომ მას უფლება აქვს მოიწვიოს ადვოკატი და შეატყობინოს თავის ახლობლებს დაკავების შესახებ.
ასეთი ,,დეკლარაციული’’ ხასიათის ცვლილებებს საერთოდ არ ექნება აზრი, თუ კანონმდებელი ყურადღებას არ მიაქცევს შემდეგ გარემოებებს:
1. ადმინისტრაციული დაკავების ვადამ არ უნდა გასტანოს 12 საათზე მეტხანს (247–ე მუხლი) და დაკავებული დაუყოვნებლივ უნდა წარედგინოს სასამართლოს, რომელიც განიხილავს საქმეს და გამოიტანს შესაბამის გადაწყვეტილებას (208–ე მუხლი). ამ შემთხვევაში უზრუნველყოფილია დაკავებულის დაცვის უფლება და ზოგადი ფორმულირებით იგი შეიძლება წარმოდგენილი იქნას სასამართლოში ადვოკატის მეშვეობით (252–ე, 255–ე მუხლები)
2. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 243–ე მუხლის შესაბამისად, თუ ადგილზე ვერ ხორციელდება ოქმის შედგენა, პოლიციას უფლება აქვს ოქმის შედგენის მიზნით (!) პირი მიიყვანოს პოლიციის დაწესებულებაში. ივნისში ინიცირებული საკანომდებლო ცვლილებების პროექტით, ასეთი მიყვანაც უნდა ჩაითვალოს ადმინისტრაციულ დაკავებად.
როგორი პარადოქსულიც არ უნდა იყოს, ფაქტია – კანონმდებლობა გვთავაზობს ორი ტიპის დაკავებას: დაკავება იმის გამო, რომ ჩადენილია სამართალდარღვევა და დაკავება ადგილზე ოქმის შედგენის შეუძლებლობის მიზეზით. ასეთი ფორმულირებები, ვფიქრობთ, პოლიციას მისცემს თვითნებობის საშუალებას და იარსებებს პოლიციელთა მიერ ვითომდა ოქმის შედგენის შეუძლებლობის გამო ,,პრობლემურ’’ პირთა იზოლირების რისკი.
ამასთან, ადვოკატის ყოლის უფლების ზოგადი განმარტება ვერ ჩაითვლება დაცვის უფლების რეალურ გარანტიად – კოდექსის 255–ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადვოკატის უფლებამოსილებები შემოიფარგლება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვის სტადიით, ანუ ამ ნორმაზე მითითებით, პოლიციამ შეიძლება დაკავებულთან მისულ ადვოკატს უარი განუცხადოს მასთან შეხვედრაზე და მიუთითოს, რომ იგი არ იხილავს საქმეს და მას შეუძლია მხოლოდ სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს განახორციელოს თავისი უფლებამოსილებები, ე.ი პოლიციაში მიყვანილი პირი 12 საათის განმავლობაში შეიძლება დარჩეს დაუცველი.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მოქმედი რეგულაციები და საკანონმდებლო ცვლილებათა პროექტი არ შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს, პირველ რიგში მხედველობაში გვაქვს ადამიანის ევროპული სასამართლოს განმარტება არაერთ საქმეზე, რომლის თანახმადაც თუ ადამიანის მიმართ მართალია გამოყენებულია არასისხლისსამართლებრივი (ჩვენ შემთხვევაში ადმინისტრაციული), მაგრამ სისხლისსამართლებრივის მსგავსი (დაკავება) ღონისძიებები, მის მიმართ უნდა არსებობდეს ისეთივე დაცვის გარანტიები, როგორიც დაწესებულია სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებული პირებისათვის.
ამ სტანდარტის გათვალისწინებით, აუცილებელია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დაკავებული პირის უზრუნველყოფა ადვოკატით მისი პოლიციის დაწესებულებაში მიყვანის მომენტიდანვე.
მეორე მნიშვნელოვან სტანდარტს წარმოადგენს დაკავების საფუძველი, პირისათვის ხანმოკლე თავისუფლების აღკვეთა, რომელიც გამოიყენება როგორც უკიდურესი ღონისძიება, როდესაც სხვა საშუალებით შეუძლებელია წესრიგის დაცვა და სამართალდარღვევის აღკვეთა (პროპორციულობის პრინციპი). თუ რამდენად არაპროპორციულია ადამიანის დაკავება მხოლოდ–და–მხოლოდ ოქმის შედგენის ინტერესთან, რა თქმა უნდა ყველასათვის ნათელია.
და ბოლოს, მტკიცების სტანდარტი. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების აბსოლუტურ უმრავლესობაში მტკიცებულებებს წარმოადგენს მხოლოდ თვით დამკავებელ პოლიციელთა ჩვენებებიდა სასამართლოს მიერ მათი ცალმხრივად გაზიარება საეჭვოდ ხდის მართლმსაჯულების დამოუკიდებლობას.
აღნიშნული პრობლემების გათვალისწინებით, რეფორმატორთა კლუბი მოუწოდებს საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს დაიწყოს მსჯელობა ადამიანის უფლებათა დაცვაზე ორიენტირებული ადმინისტრაციული მართლმსაჯულების სისტემის შემუშავებაზე.
ირაკლი კობიძე
,,რეფორმატორთა კლუბი“
მასალის გამოყენების პირობები






