თავდაცვის ყოფილი მინისტრის მეუღლე ანი ნადარეიშვილი დარწმუნებულია, რომ საბერძნეთის სააპელაციო სასამართლო დათა ახალაიას განაჩენს ძალაში დატოვებს და ქართულ მხარეს ყოფილი მაღალჩინოსნის ექსტრადირებაზე კვლავ უარს ეტყვის.
„დარწმუნებული ვარ სააპელაციო სასამართლოც იგივე გადაწყვეტილებას გამოიტანს. ამის საფუძველს კი ის მაძლევს, რომ ექსტრადიციაზე უარის საფუძველი თვითონ ბერძენი პროკურორის განცხადება იყო სასამართლოზე, სადაც თქვა, რომ დათა ახალაიაზე და მისი ოჯახის წევრებზე საქართველოში მიმდინარეობს პოლიტიკური დევნა, რაც მოსამართლემაც გაიზიარა“,- განაცხადა ანი ნადარეიშვილმა „ნიუპოსტთან“ საუბარში.
დათა ახალაიას ექსტრადირებასთან დაკავშირებით სასამართლო გადაწყვეტილება ქართულმა მხარემ საბერძნეთის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.
პროკურორ ირაკლი ნადოის განმარტებით, საბერძნეთის სასამართლო არა კონკრეტული პირის ბრალეულობას, არამედ პიროვნების გადაცემის მიზანშეწონილობას განიხილავს.
პეტრას სასამართლომ კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი უფროსის ექსტრადირებაზე საქართველოს უარი განუცხადა.
მასალის გამოყენების პირობები






