„საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“ და „მედიის განვითარების ფონდი“ საქართველოს პრემიერ-მინისტრის სახლთან, რამდენიმე დღის წინ გამართულ აქციასთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებს.
„შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება ყველა ადამიანისთვის კონსტიტუციით არის გარანტირებული. ყველას აქვს უფლება, ყოველგვარი წინასწარი ნებართვის გარეშე შეიკრიბოს როგორც ჭერქვეშ, ისე გარეთ. აღნიშნული უფლების განხორციელებაში ხელისუფლებას შეუძლია ჩაერიოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შეკრებამ კანონსაწინააღმდეგო ხასიათი მიიღო.
საქართველოს კანონი „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ ადგენს, რომ კანონით დაცული უფლებების შეზღუდვა, სხვა კრიტერიუმებთან ერთად, უნდა იყოს „პროპორციულად შემზღუდველი“, რაც ხელისუფლების ორგანოებს ავალდებულებს, საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლით გარანტირებული გამოხატვის უფლებაში ჩარევისას, გამოიყენონ ყველაზე ნაკლებად შემზღუდველი საშუალება. „უფრო მკაცრი ზომები გამოყენებული უნდა იქნეს მხოლოდ მაშინ, როცა (...) დაცული სიკეთეების მიღწევა სხვაგვარად შეუძლებელია.“
შესაბამისად, თუ შეკრება-მანიფესტაციის ჩატარების დროს გამოვლინდება კანონდარღვევის ფაქტი, სამართალდამცავი ორგანოები ვალდებულნი არიან, ჯერ გააფრთხილონ აქციის ორგანიზატორი და თუ ხსენებული ღონისძიება არ გამოიღებს შედეგს, მხოლოდ ამ შემთხვევაში გამოიყენონ საერთაშორისო სამართლითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომები.
გავრცელებული ვიდეომასალებიდან თვალნათლივ ჩანს, რომ მშვიდობიანი აქციის ჩატარებისას დაპირისპირება წარმოიშვა მესამე პირების გამოჩენის შემდეგ, რომელთაც სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს აქციის მონაწილეებს.
სახელმწიფოს ვალდებულებაა, მიიღოს ყველა სათანადო ზომა, რათა არ დაუშვას შეკრებისა და მანიფესტაციის უფლების განხორციელებაში უკანონო ჩარევა როგორც საკუთარი ორგანოების, ისე კერძო პირთა მხრიდან. მიუხედავად ამისა, სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მიერ არანაირი ზომები არ იქნა მიღებული აქციის მონაწილეთა მისამართით გამოვლენილი შეურაცხყოფის ფაქტების აღსაკვეთად, ხოლო საპასუხო რეაქციის შემდეგ მათ მხოლოდ აქციის მონაწილეები დააკავეს. ამგვარად, პოლიციამ, კანონის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ, არ გამოიყენა სხვა ნაკლებ შემზღუდველი ღონისძიებები და აქციის მონაწილეთა მხრიდან მესამე პირების აგრესიაზე საპასუხო რეაქციის გამოვლენისთანავე დაუყოვნებლივ დაიწყო დემონსტრანტების დაკავება.
განსაკუთრებით შემაშფოთებელია ის ფაქტი, რომ სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლებმა ჟურნალ „ტაბულას“ ფოტოკორესპოდენტი დააკავეს, რომელიც პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა.
ხელმომწერი ორგანიზაციები გმობენ შეკრებისა და მანიფესტაციის უფლების განხორციელებაში სახელმწიფოს მხრიდან უხეში ჩარევისა და ჟურნალისტის დაკავების ფაქტს და მიიჩნევენ, რომ მსგავსი პრაქტიკა საფრთხეს უქმნის სახელმწიფოს დემოკრატიულ განვითარებას“,- აღნიშნულია ერთობლივ განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ 19 ოქტომბერს, ირაკლი ღარიბაშვილის სახლთან გამართული საპროტესტო აქციის დროს 7 მონაწილე, მათ შორის, „ტაბულას“ ფოტოკორესპოდენტი დააკავეს.
მასალის გამოყენების პირობები






