იაპონიაში ოფიციალური ვიზიტი საქართველოს პრეზიდენტმა დღეს დაიწყო. გიორგი მარგველაშვილს, რომელიც იაპონიაში მეუღლესთან ერთად ჩავიდა - აეროპორტში იაპონიის სახელმწიფო მინისტრი საგარეო ურთიერთობების საკითხებში დახვდა. აქ იმყოფებოდა საქართველოში იაპონიის ელჩიც მეუღლესთან ერთად. საქართველოს პირველ ლედის ტოკიოში ცალკე პროგრამა აქვს.
პირველი შეხვედრა გიორგი მარგველაშვილმა საგარეო ურთიერთობების საკითხებში იაპონიის სახელმწიფო მინისტრთან გამართა. მათ ორი ქვეყნის ურთიერთობაზე, ასევე რუსეთსა და აფხაზეთს შორის სამხედრო გაერთიანების ხელშეკრულების გაფორმებაზე ისაუბრეს. პირველი შეხვედრისას იაპონურმა მხარემ მიიღო გადაწყვტილება, რომ 2015 წელს საგაზაფხულო სესიაზე იაპონიის პარლამენტი განიხილავს საკითხს საქართველოს სახელწოდების „გრუზია“-ს „ჯორჯია“-თი შეცვლის შესახებ.
საქართველოს პრეზიდენტს დაგეგმილი აქვს შეხვედრები იაპონიის პარლამენტში, ასევე შეხვდება იაპონიის იმპერატორს და პრემიერმინისტრს, ასევე მთავრობისა და მმართველი პარტიის წარმომადგენლებს. დღის ბოლოს კი გამართავს პრესკონფერენციას იაპონური მედიისთვის.
პრეზიდენტის მრჩევლის თენგიზ ფხალაძის განცხადებით, შეხვედრებზე ერთერთი მნიშვნელოვანი თემა იქნება საქართველოს კონფლიქტურ რეგიონებში არსებული სიტუაცია. ქართული მხარე შეეცდება იაპონიას, როგორ დიდი რვიანის წევრ სახელმწიფოს და გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივმოქმედ წევრს, მიაწოდოს დეტალური ინფორმაცია ამ საკითხებზე.
პრეზიდენტი სხვადასხვა შეხვედრაზე ასევე განიხილავს სავაჭრო ურთიერთობებს იაპონიასთან. შესაძლოა დაიგეგმოს ორი ქვეყნის ბიზნესპარტნიორობის გეგმაც.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ვლადიმერ გურგენიძის თქმით, იაპონიის სახელმწიფო მინისტრმა აღუთქვა საქართველოს დელეგაციას, რომ ტურიზმის მიმართულებით განახორციელებენ სხვადასხვა აქტივობას.
„იაპონიის მხარე აქტიურად შეეცდება, საქართველოს ცნობადობა გაიზარდოს ამ თვალსაზრისით და უფრო მეტი იაპონელი ტურისტი ეწვიოს ჩვენს ქვეყანას“, - აღნიშნა გურგენიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






