ოკუპირებულ ტერიტორიაზე ბაქო-სუფსის მილსადენის ათასი მეტრი მოექცევა. რუსეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთის რეჟიმი საბჭოთა ადმინისტრაციულ საზღვრებს მიჰყვებიან და მავთულხლართებს სწორედ იქ ავლებენ, სადაც ადრე ე.წ. სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვარი გადიოდა. გეგმის განხორციელების შემთხვევაში, საოკუპაციო ხაზს მიღმა ბაქო-სუფსის მილსადენის ნაწილი მოექცევა. გადაკვეთა სოფელ ყარაფილაზე ხდება.
ამ თემას შეფასებები მოყვა ენერგეტიკისა და საგარეო მინისტრების მოადგილეების მხრიდან. ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ილია ელოშვილის თქმით, „თეორიული დაშვების შემთხვევაში თვითონ ბაქო-სუფსას ოპერირებას არანაირი პრობლემა არ ექნება, იმიტომ რომ ეს არის მიწისქვეშა მილსადენი. ერთადერთი განსხვავება იქნება სხვა დანარჩენი ასობით კილომეტრი მილსადენისგან, რომ BP-ის ზედამხედველები ვერ შეძლებენ იმ ტერიტორიაზე შემოვლას".
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ზალკალიანი კი აღნიშნავს, რომ „ეს ტერიტორია არის საქართველოს ტერიტორია და საერთაშორისო თანამეგობრობა აღიარებს საქართველოს იმ საზღვრებში, რომელითაც განსაზღვრულია. ასე რომ, საუბარი იმაზე, რომ იქ სხვა კანონები მოქმედებს და ე.წ. ოკუპირებული ხაზის გასწვრივ - სხვა კანონები, ჩვენთვის მიუღებელია“, - განუცხადა ჟურნალისტებს დავით ზალკალიანმა.
საკითხს გამოეხმაურა უმცირესობის წევრი გოკა გაბაშვილიც. მისი თქმით, ასეთი შანტაჟის თემები არ გამოილევა და საჭიროა მკვეთრი პოზიცია.
"საჭიროა ჩვენს მეგობრებთან ერთად განგაშის ატეხვა იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთი ამ მარიონეტულ რეჟიმებს კვლავაც იყენებს საქართველოს დასაშანტაჟებლად", - განაცხადა გაბაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






