"ახალგაზრდა ადვოკატების" ინფორმაციით, სასამართლომ დიმიტრი შაშკინის ხელმოწერით, ყალბი სერტიფიკატების არსებობა დაადასტურა. თავის მხრივ ყოფილი მინისტრი ,,ნიუპოსტთან“ საუბარში განმარტავს თუ რატომ არის სერტიფიკატებზე მინისტრის ფაქსიმილია და კონკრეტულ ფაქტთან დაკავშირებით, სასწავლებლის მხრიდან შესაბამისი სასერტიფიკაციო ბლანკის თაღლითური გზით მოპოვების დეტალებზე საუბრობს. შაშკინი ასევე განმარტავს, რომ ხსენებული თაღლითობის შესახებ, სწორედ სამინისტრომ მიმართა ფინანსურ პოლიციას, მას შემდეგ რაც ერთ-ერთმა სტუდენტმა სერტიფიკატის ნამდვილობის დადსტურება ითხოვა.
,,საქართველოს კანონმდებლობით არის განსაზღვრული, როდესაც სასწავლებელი გასცემს სერტიფიკატს, ამ დოკუმენტზე, როგორც დიზაინის ნაწილი, არის განათლების მინისტრის ხელმოწერა, ისევე, როგორც ლარის კუპიურაზე არის კანონით განსაზღვრეული ეროვნული ბანკის და ფინანსთა მინისტრის ხელმოწერა. ეს არ ნიშნავს, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ან ფინანსთა მინისტრის, ან განათლების მინისტრი სხედან და ხელს აწერენ ყველაფერს. ეს არის მსოფლიო სტანდარტებიდან გამომდინარე მიღებული დიზაინის ფორმა, სადაც ფაქსიმილია ამა თუ იმ მინისტრის არის, როგორც დიზაინის ნაწილი - იქნება ეს სერტიფიკატი, ატესტატი თუ ლარის კუპიურა. ეს პირველი საკითხი, რაც მნიშნელოვანია, რომ საზოგადოებამ იცოდეს. ეხლა რაც შეეხება თვითონ ამ ბრალდების შინაარსს: 2008-2009 წლებში საქართველოში იყო პროფესიული სასწავლებელი ( და არა უმაღლესი), რომელიც ლიცენზიის გარეშე ასწავლიდა ბავშვებს ზოგიერთ პროგრამას, ზოგზე კი ლიცენზია ჰქონდა. ერთ სიტყვით, 2010 წელს ამ სასწავლებელმა თაღლითურად მოითხოვა განათლების სამინისტროსგან ბლანკები დამტკიცებული დიზაინით, რომელშიც შედიოდა ჩემი ფაქსიმილიაც, მოითხოვა სხვა პროფესიის ადამიანებზე გასაცემად და გასცა სულ სხვა პროფესიაზე. ამის შემდეგ, 2010 წელს, ერთ-ერთმა კურსდამთავრებულმა სთხოვა განათლების სამინისტროს ნამდვილობა. მსოფლიოში აპრობირებული წესია, რომ თუ ვინმემ თაღლითური გზით გასცა ატესტატი, დიპლომი ან სერტიფიკატი, სამინისტრო ბაზებით ამოწმებს და თუკი ბაზებში არ არის, ნამდვილობას არ სცნობს და შესაბამისად, ამ დიპლომსაც ვერაფერში გამოიყენებ. განათლების სამინისტრომ ბუნებრივია შეამოწმა, რომ ამ სასწავლებელს არ ჰქონდა მსგავსი ტიპის დიპლომის გაცემის უფლება და გადააგზავნა ეს ფინანსურ პოლიციაში, და ეს ხდება უკვე 2013 წელს. ფინანსურმა პოლიციამ, რა თქმა უნდა, მაშინვე დაიბარა განათლების სამინისტროს ყველა ჩემი ძველი თანამშრომელი და ერთადერთი რაც გააკეთეს, ასე ვთქვათ ,,დააკაჩავეს“, რათა ეთქვათ, რომ ეს მინისტრის გაყალბებული სერტიფიკატია. ის თანამშრომლები იყვნენ იურისტები და რა თქმა უნდა, აუხსნეს, რომ ამას მინისტრი არ აწერს ხელს, ეს არის მინისტრის ფაქსიმილია, დიზაინის ნაწილი და რაც მთავარია, აუხსნეს, რომ ეს საბუთები სწორედ მათ მიერ იყო ფინანსური პოლიციისთვის გადაგზავნილი, ანუ განათლების სამინისტრო აქეთ უჩივის ამ სასწავლებელს“, - აღნიშნავს ყოფილი მინისტრი.
დიმიტრი შაშკინის განცხადებით, მას შემდეგ რაც ფინანსური პოლიცია მიხვდა, რომ იურიდიულად სამინისტროს ბრალს ვერ დასდებდა, გადაწვიტა აღნიშნული საქმე გადაეცა, როგორც შაშკინი ამბობს, მისივე სატელიტი ორგანიზაცია - ,,ახალგაზრდა ადვოკატთა ასოციაციისთვის“
,,ეს იგივეა ლარის კუპიურის გაყალბების გამო ეროვნული ბანკის პრეზიდენტს ან ფინანსთა მინისტრს, პასუხი მოსთხოვო, რატომ არის მათი ფაქსიმილია. ამის შემდეგ ფინანსურმა პოლიციამ გადასცა საქმე თავის სატელიტ ორგანიზაციას, რომელსაც ჰქვია ,,ახალგაზრდა ადვოკატთა ასოციაცია“ და რომელიც თავის არსებობაში სიტყვა ,,ადვოკატის“ გამოყენებით, შეურაცხოფას აყენებს ამ მნიშვნელოვან და საჭირო პროფესიას. მათ გადაწყვიტეს, რომ შავი პიარით დამარტყან. თუმცა მინდა ხაზი გავუსვა, რომ ზუსტად ასეთი ბრალდებების გამო ჩამოვედი ამერიკიდან. მე იქ სამსახურიც მქონდა და ჩემს თავსაც კარგად შევინახავდი ამერიკის შეერტებულ შტატაებში. 5 თვეში დავრწმუნდი, რომ ამ უსინდისობას ზღვარი არ აქვს, ამიტომ დავბრუნდი, რომ ასეთი ბრალდებებს გავცე პასუხი. ამიტომ, არ ვაპირებ, ასეთი სულელური ბრალდებები დავტოვო პაუსხის გარეშე“, - აცხადებს განათლების ყოფილი მინისტრი.
,,ახალგაზრდა ადვოკატებმა“ 17 ოქტომბერს გაავრცელეს განცხადება, სადაც ორგანიზაცია განათლების ყოფილი მინისტრის მიერ ყალბი სერტიფიკატების გაცემაზე საუბრობს, რომელთა არსებობაც, მათივე თქმით, სასამართლომ დაადასტურა:
,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს, სასამართლო პროცესი მოუგო. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 8 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, ბათილად იქნა ცნობილი განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ 17/04/2013 წელს გაცემული N129202 აქტი, რომლითაც ნინო ქუმსიაშვილს უარი ეთქვა სახელობო-საგანმანათლებლო სერტიფიკატის ნამდვილობის დადასტურებაზე. სასამართლოს გადაწყვეტილებით, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრს დაევალა ხელახლა მოახდინოს ნინო ქუმსიაშვილის განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის საკითხის საფუძვლიანი შესწავლა და კონკრეტული შიდა და საერთაშორისო სამართლებრივი აქტების საფუძველზე, მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება.
"ახალგაზრდა ადვოკატების" თანადამფუძნებლის, მარიკა არევაძის განმარტებით, ადმინისტრაციულ ორგანოსთან დავა, თავისი შინაარსით, ცდება სამართლებრივ მსჯელობას და საზოგადოებისთვის ცნობილს ხდის განათლებისა და მეცნიერების ყოფილი მინისტრის, დიმიტრი შაშკინის პერიოდში სტუდენტებისთვის ყალბი სერტიფიკატების გაცემის ფაქტს.
"საქმე ეხება დიმიტრი შაშკინის მინისტრობის დროს, შაშკინის ხელმოწერით, სამედიცინო კოლეჯის სტუდენტებისთვის გაცემულ სწავლის დასრულების დამამტკიცებელ სერტიფიკატებს. თბილისის #1 სამედიცინო სასწავლებელი 2008–2009 წლებში, კურსდამთავრებულებისთვის ყალბ სერტიფიკატებს, დიმიტრი შაშკინის ხელმოწერით გასცემდა, მაშინ, როდესაც აღნიშნულ პერიოდში, სასწავლებელს არც სახელობო საგანმანათლებლო საქმიანობის ლიცენზია გააჩნდა და არც უფლებამოსილება – სერტიფიკატები გაეცა. ამ მიმართულებით, სასწავლებლის საქმიანობასა და მიღებულ გადაწყვეტილებებზე, კონტროლის ვალდებულება, უშუალოდ მინისტრ დიმიტრი შაშკინს უნდა მოეხდინა, თუმცა სერტიფიკატები იბეჭდებოდა სწორედ დიმიტრი შაშკინის ხელმოწერით და სამინისტროს კანონდარღვევის ფაქტზე რეაგირება, ნებსით თუ უნებლიეთ, არ მოუხდენია.
ორგანიზაციამ თბილისის საქალაქო სასამართლოს მას შემდეგ მიმართა, როდესაც სამედიცინო სასწავლებლის კურსდამთავრებულს, ნინო ქუმსიაშვილს დამსაქმებელთან სერტიფიკატის ნამდვილობის საკითხის გარკვევის დროს, პრობლემები შეექმნა. ნინო ქუმსიაშვილმა თბილისის #1 სამედიცინო სასწავლებელი 2010 წელს დაამთავრა და სწავლის დამადასტურებელი სერთიფიკატი განათლების მაშინდელი მისნიტრის, დიმიტრი შაშკინის ხელმოწერით მიიღო. მას შემდეგ, რაც დამსაქმებელთან გაურკვევლობა წარმოიშვა, მოსარჩელემ 2013 წლის აპრილში მიმართა განათლების ხარისხის ცენტრს და მოითხოვა სერთიფიკატის ნამდვილობის დადასტურება. მოსარჩელეს ნამდვილობის დადასტურებაზე უარი იმ მიზეზით ეთქვა, რომ 2008-2009 წლებში, სასწავლებელს არ გააჩნდა სახელობო საგანმანათლებლო საქმიანობის ლიცენზია. სამინისტრო არაოფიციალურად აღიარებდა დაშვებულ შეცდომას, თუმცა მას საკითხზე ოფიციალური განმარტება არ გაუკეთებია, თუ რამდენად კანონიერი გახლდათ მინისტრ დიმიტრი შაშკინის ხელმოწერით გაცემული სერტიფიკატები იმ სასწავლებლის კურსდამთავრებულებისთვის, რომელსაც, საქმიანობის ლიცენზია თავად სამინისტროს მხრიდან ჰქონდა შეჩერებული. სამინისტრომ არ გაითვალისწინა ნინო ქუმსიაშვილის კანონიერი უფლებები და ინტერესები, კეთილსინდისიერება სასწავლებელთან ურთიერთობის დროს და სერტიფიკატის აღიარებაზე უარი განაცხადა.
სასამართლომ საქმეზე "ახალგაზრდა ადვოკატების" სასარჩელო მოთხოვნები კანონიერად სცნო. საქმეს განიხილავდა მოსამართლე ნინო ონიანი, ხოლო მოსარჩელის მხარის ინტერესებს, ორგანიზაციის თანადამფუძნებელი, ადვოკატი მარიკა არევაძე წარმოადგენდა. უცნობია, გაასაჩივრებს თუ არა გადაწყვეტილებას სამინისტროს სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრი", -ნათქვამია "ახალგაზრდა ადვოკატების" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მასალის გამოყენების პირობები






