საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ უარყო ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს მარგველაშვილი-პუტინის შეხვედრა იგეგმებოდა.
„არანაირი მოლაპარაკება არ ყოფილა. არანაირი სამზადისი არ ყოფილა. ვერანაირი სამზადისი ვერ იქნებოდა მთავრობის გარეშე და საგარეო საქმეთა სამინისტროს გარეშე. ასე რომ, არანაირი სამზადისი, არანაირი გეგმა, რომ ასეთი შეხვედრა ყოფილიყო, არ ყოფილა. თქვენ თუ გახსოვთ, ეს დისკუსია მცირე ხნით იყო ჩვენს მედიაში იმის გამო, რომ ქართველმა ჟურნალისტმა რუსეთის პრეზიდენტს ჰკითხა, იქნებოდა თუ არა ის მზად საქართველოს პრეზიდენტთან შესახვედრად, რაზეც მან უპასუხა, „რატომაც არა“. აქედან დაიწყო ეს თემა, მაგრამ მას არ ჰქონია არანაირი გაგრძელება“, - აღნიშნა ფანჯიკიძემ.
პრეზიდენტის ყოფილი მრჩევლის, ვანო მაჭავარიანის, მიერ გავრცელებული ინფორმაცია პრემიერის წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში, ზურაბ აბაშიძემაც უარყო .
„ჩვენ რუსეთის მხარეს ვხვდებით 2 ფორმატში, ჟენევაში და პრაღაში. არცერთგან ეს საკითხი, შეხვედრის მზადების თვალსაზრისით არ განხილულა“, - განაცხადა აბაშიძემ.
დღეს გავრცელებული ინფორმაციით, პრეზიდენტის ყოფილმა მრჩეველმა, ვანო მაჭავარიანმა, ერთერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მარგველაშვილი-პუტინის შეხვედრა იგეგმებოდა, თუმცა ის მთავრობამ ჩაშალა. მაია ფანჯიკიძემ აღნიშნა, რომ ეს ინფორმაცია არის ტყუილი.
მასალის გამოყენების პირობები






