საქართველოს იუსტიციის მინისტრი, სოფო ზურებიანის მკვლელობის საქმის გამოძიებით უკმაყოფილოა. ამის შესახებ თეა წულუკიანმა ქალთა მიმართ ძალადობის გახშირებულ ფაქტებთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.
წულუკიანმა მის მიერ გიორგი გაბუნიას გადაცემა „არჩევანში“ გაკეთებულ განცხადებაზეც გააკეთა განმარტება და გაიმეორა, რომ საქართველოში კრიმინალი არ გაზრდილა, თუმცა გაიზარდა კრიმინალის ის ნაწილი, რომელიც ქალთა მკვლელობებს ეხება.
„წელს კრიმინალი არ გაზრდილა, გარდა კრიმინალის იმ ნაწილისა, რომელსაც ქვია ქალის კვლა, ვიღაცას ეს არ მოეწონა, ვიღაცამ ეს ვერ გაიგო, მაგრამ რეალობა არის მწარე და რეალობას ქვია ის, რომ წელს საქართველოში კრიმინალში კაცებმა „იყოჩაღეს“ და ქალის კვლა არის დაწინაურებული,"- აღნიშნა წულუკიანმა.
წულუკიანის თქმით მთავარი პრობლემა მენტალიტეტში და გამოძიების ხარისხშია, იუსტიციის მინისტრმა უკმაყოფილება გამოთქვა მისი სამინისტროს თანამშრომლის, სოფო ზურებიანის საქმის გამოძიებით და გამოძიების მიერ მინიჭებული მუხლითაც.
"ჩვენს სისხლის სამართლის კანონს, ამ მხრივ დიდი ხარვეზები არ აქვს, ხარვეზები არის ჩვენს მენტალიტეტში, და ხარვეზები არის გამოძიებაში. მაგალითად, მე დღესაც უკმაყოფილო ვარ იმით, რომ ჩემი თანამშრომლის სოფო ზურებიანის საქმე არ მიმდინარეობს მკვლელობის მუხლით და სასამართლოში ეს საქმე არის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით. არადა ჩემი გადასახედიდან სახეზეა მკვლელობა."- აცხადებს იუსტიციიც მინისტრი.
სოფო ზურებიანი მისმა ყოფილმა მეუღლემ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა.
"ჩვენ ვმუშაობთ ერთობლივ სამთავრობო ხედვაზე, თუ როგორი უნდა იყოს არამხოლოდ პრევენციის, არამედ რეპრესიის მექანიზმიც, "- განაცხადა წულუკიანმა
მასალის გამოყენების პირობები






