ეკონომიკის მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი, დაღესტანისა და კახეთის დამაკავშირებელი გზის სავარაუდო მშენებლობაზე მის მიერ გაკეთებულ კომენტარს განმარტავს.
მინისტრის განმარტებით, საკითხი დღის წესრიგში არ დგას და შესაბამისად, „ცარიელ ჭიქაში ქარიშხლის ატეხვა“, აზრს მოკლებულია. მისივე თქმით, ამ გზის მშენებლობას სამი ასპექტი უკავშირდება.
"დაღესტნის გზასთან დაკავშირებით მინდა კონკრეტული განმარტება გავაკეთო, რადგან ამან აბსოლუტურად არაადეკვატური რეაქციები გამოიწვია. უსაფრთხოება და ეკონომიკური ასპექტები ამ შემთხვევაში ძირითადებია და წამყვანი რა თქმა უნდა, უსაფრთხოებაა. კიდევაც ვთქვი, რომ უსაფრთხოების პროფესიონალებმა უნდა გაანალიზონ, რამდენად იქნება ეს საფრთხის მომტანი საქართველოსთვის. რაც შეეხება ეკონომიკურ ასეპქტს, გზა ეკონომიკისთვის დამხმარე ინფრასტრუქტურაა, მხარს უჭერს და აძლიერებს მას. მაგრამ როდესაც დღეს ასეთ სიტუაციაში ვიმყოფებით, რა თქმა უნდა, ქვეყანა ათჯერ უნდა დაფიქრდეს, მისცემს თუ არა უფლებას ამ გზის გაყვანაზე. ეს საკითხი დღის წესრიგში არ დგას და შესაბამისად, "ცარიელ ჭიქაში ამ ქარიშხალის ატეხვა", როდესაც საკითხი არც განიხილება მგონია, რომ აზრს მოკლებულია" - განმარტა გიორგი კვირიკაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






