ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი პრეზიდენტის ყოფილი მრჩევლის, ვანო მაჭავარიანის მიერ გაკეთებულ იმ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც საქართველოში მარგველაშვილი-პუტინის შეხვედრა მზადდებოდა.
პეტრიაშვილის განცხადებით, ის ამ შეხვედრის წინააღმდეგი იყო. მისი თქმით, წინააღმდეგობის მიზეზი იყო ის, რომ აღნიშნულ შეხვედრას შედეგების მოტანა არ შეეძლო და ის არასწორად იქნებოდა აღქმული.
"მე, პრინციპულად წინააღმდეგი ვიყავი იმთავითვე არაფრისმომცემი შეხვედრის. პირიქით, უფრო მეტსაც გეტყვით, ზიანის მომტანი შეხვედრის საქართველოს პრეზიდენტსა და რუსეთის პრეზიდენტს შორის. ამ შეხვედრას რაიმე კონკრეტული გარღვევის ან შედეგის მოტანა არ შეეძლო და შესაბამისად, პირიქით იქნებოდა არასწორად აღქმული. ასე, რომ გააზრებულად, მე ძალიან მიხარია, რომ ეს შეხვედრა არ შედგა, - განაცხადა პეტრიაშვილმა.
თუმცა ამ ფაქტთან დაკავშირებით, ცოტახნის წინ ვიცე-პრემიერმა, გიორგი კვირიკაშვილმაც გააკეთა კკომენტარი და გავრცელებული ინფორმაცია მარგველაშვილი-პუტინის ჩაშლილ შეხვედრაზე სიცრუედ მიიჩნია. "ასეთ განცხადებაზე კომენტარს ვერც გავაკეთებ, რადგან სიმართლისგან ძალიან შორს არის", - აღნიშნა კვირიკაშვილმა.
ენერგეტიკის მინისტრმა, კახი კალაზემ, კი გავრცელებულ ინფორმაციას სისულელე უწოდა, - "რა სისულელეა, პირველად მესმის".
საგარეო ურთიერთობების საკითხებში საქართველოს პრეზიდენტის ყოფილმა მრჩეველმა, ვანო მაჭავარიანმა განაცხადა, რომ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გიორგი მარგველაშვილის და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა მზადდებოდა.
მაჭავარიანის თქმით, ეს შეხვედრა საქართველოს მთავრობამ არ მოინდომა.
მასალის გამოყენების პირობები






