რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის „მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ“ ხელშეკრულების პროექტი იქნება ლუქსემბურგში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ოფიციალურ შეხვედრებზე, განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა.
ქართულ მხარეს მომზადებული აქვს ამ დოკუმენტის ანალიზიც, რომელსაც მოლაპრაკებების მონაწილეებს გააცნობს.
საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე „28+1“ ფორმატში შეხვედრებს დღეიდან იწყებს. დაგეგმილია შეხვედრები ევროკავშირის 28 წევრი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებთან.
"ეს არის ერთადერთი ინსტრუმენტი, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ. ეს არის რუსეთის მხრიდან ანექსიის მცდელობა და როგორც უკრაინის შემთხვევაში, ევროპის გაერთიანებულ პოზიციას და ძლიერ მხარდაჭერას ექნება ძალიან დიდი მნიშვნელობა. მე მაქვს მომზადებული მასალები, რომელსაც დავურიგებ ჩემს კოლეგებს. ეს არის ანალიზი იმ ხელშეკრულების, რომელიც რუსეთმა შესთავაზა დე ფაქო ხელისუფლებას", - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.
ლუქსემბურგში იმყოფებიან საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ზალკალიანი და ასევე, პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძე. დაგეგმილია მათი შეხვედრა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან, რომლებსაც ინფორმაციას მიაწვდიან როგორც პრაღაში გამართული შეხვედრის, ისე "მოკავშირეობისა და ინტეგრაციის" ხელშეკრულების პროექტის თაობაზე და ქართული მხარის პოზიციაზე.
აღნიშნული შეხვედრა ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრის ინიციატივით დაიგეგმა. მაია ფანჯიკიძის თქმით, ლუქსემბურგში ვიზიტის დროს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე უნდა ემსჯელათ, თუმცა ამ საკითხმა მეორე ადგილზე გადაინაცვლა.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ლუქსემბურგიდან ბერლინში გაემგზავრება, სადაც სხვადასხვა დონის შეხვედრებს გამართავს.
მასალის გამოყენების პირობები






