საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ნიუ-იორკ თაიმსში დაბეჭდილ წერილში პირადად მას არაფერი გადაუხდია. როგორც უსუფაშვილმა აღნიშნულ საკითხზე კომენტირებისას ჟურნალისტებთან განაცხადა, სტატია დაწერის შემდეგ "აგენდა.გე" გადასცა და სთხოვა, რომ გამოექვეყნებინა.
"მე დავწერე ეს სტატია, გადავეცი აგენდა.გე-ს და ვთხოვე, რომ გამოექვეყნებინა. ჩემთვისაც მოულოდნელი იყო, რომ "ნიუ იორკ თაიმსში" დაიბეჭდა. რომელი პრესა დაინტერესდებოდა, მე არ ვიცოდი, "ნიუ იორკ თაიმსს" ეცოდინება, თუ ვინმემ რამე გადაიხადა. მე არაფერი გადამიხდია", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
პარლამენტის თავმჯომარემ მისი წერილის შინაარსზე ყურადღება კიდევ ერთხელ გაამახვილა და აღნიშნა, რომ უნდა დამთავრდეს ჭორები იმის თაობაზე, რომ საქართველოს მთავრობის რომელიმე წევრი რუსეთიდან მართულია.
"პასუხს ვაგებ იქ დაწერილ ყველა სიტყვაზე, ძალიან მნიშვნელოვანი იყო საზოგადოებას კიდევ ერთხელ გაეგო, რომ ტყუილია რაც ვრცელდებოდა და რომლის ტირაჟირებაც ჯერ კიდევ ხდება, რომ პირადად მე ან ბიძინა ივანიშვილი, ან ჩვენი მთავრობის რომელიმე წევრი რუსეთიდანაა მართული, ამის შესახებ ჭორებს ბოლო უნდა მოეღოს. ეს იყო სტატიის მიზანი და ამოცანა და არ მგონია, ამის შემდეგ ვინმე ჭკუათმყოფელმა ეს სიცრუე კიდევ დაიჯეროს", - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.
16 ოქტომბერს გამოცემა International New York times-ში გამოქვეყნდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სტატია, სათაურით "სააკაშვილს საკუთარი წარსული დევნის და არა - პუტინთან "შეკრული" ივანიშვილი. სტატიაში დავით უსუფაშვილი აღნიშნავდა, რომ მისთვის შეურაცხმყოფელია იმის მოსმენა, რომ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი სხვა ქვეყანას ემსახურება და ღალატობს სამშობლოს.
მასალის გამოყენების პირობები






