„ახალი მემარჯვენეები“ ბოლო პერიოდში გახშირებულ ქალებზე ძალადობის ფაქტებს ეხმაურებიან და აცხადებენ, რომ ვითარება აუცილებლად საჭიროებს ხელისუფლების, ეკლესიის, რელიგიური გაერთიანებების, სამოქალაქო საზოგადოების, ორგანიზებული ჯგუფების ძალისხმევის გაერთიანებას ამ უმძიმესი ვითარების აღმოსაფხვრელად ქვეყანაში.
„ პირველ რიგში გასააზრებელია, რამ გამოიწვია ქვეყანაში ქალთა მიმართ სასტიკი მოპყრობის ერთგვარი „აფეთქება“. ცხადია, რომ მიზეზი ბევრია: ძალიან დაბალია მოქალაქეების ზოგადი კულტურა, არასათანადოა სამოქალაქო განათლების დონე, რაც განათლების სისტემის, მენტალობაში არსებული პრობლემების და საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპების ბრალია. მიზეზია ჩვენი გულარხეინობაც ამ თემის მიმართ და საკმაოდ ხშირად გაკეთებული განცხადებები, რომ საქართველოში გენდერული პრობლემები არ არსებობს და ქალის თანაბარი მდგომარეობა საზოგადოებაში საუკონოვანი ტრადიციებით არის გამყარებული. უდავოდ ერთ-ერთი მიზეზი არის პოლიციის მიერ სათანადო პრევენციული ღონისძიებების გატარებაში არსებული ხარვეზები და ზოგადად პოლიციის გულგრილობა მამაკაცთა მხრიდან ქალებისადმი უხეში და ძალისმიერი მოპყრობის მიმართ. ცხადია, უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ხელისუფლების ცალკეული წარმომადგენლების მიერ ამ თემაზე გაკეთებულ განცხადებებში, სამწუხაროდ, გარკვეული მორალური გამართლების საფუძველი ექმნება მამაკაცების მხრიდან ქალების მიმართ ჩადენილ ძალადობას.
„ახალი მემარჯვენეები“ მოვუწოდებთ ხელისუფლებას, ყველა საზოგადოებრივ ჯგუფს, რომელიც გავლენას ახდენს საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე, განათლების, პოლიციის სისტემის მესვეურებს, სამოქალაქო საზოგადოებას, მაუწყებლებს, გამოვიტანოთ სწორი დასკვნები შექმნილი ვითარებიდან და მივიღოთ საგანგებო ზომები იმ მოვლენის აღმოსაფხვრელად, რომელსაც საერთო არაფერი აქვს დემოკრატიასთან, ადამიანის უფლებების დაცვასთან და ზოგადად ჰუმანურობასთან." - წერია "ახალი მემარჯვენეების" მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები






