„რუსეთთან დაპირისპირება თავიდან უნდა იქნეს აცილებული,საქართველოს სტაბილურობა სჭირდება, მაგრამ ჩვენ არასოდეს ქედს არ მოვუხრით რუსეთს და მის „დიქტატს“ იმასთან დაკავშირებით, თუ რა არის საქართველოსთვის უკეთესი.“- ეს განცხადება თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ალასანია სააგენტო "როიტერთან" გააკეთა.
თავდაცვის მინისტრი ფიქრობს, რომ საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესია სტაბილურობა ეკონომიკის განვითარებისათვის. თუმცა, ის აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ქვეყნის სუვერენიტეტს საფრთხე შეექმნება, საქართველო თავს დაიცავს.
თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ამ ეტაპზე აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა იმისთვის, რომ საქართველოში NATO-ს სტანდარტების ინფრასტრუქტურა მოეწყოს, რომელიც ასოცირებული იქნება ევროკავშირთან.
თავდაცვის მინისტრი "როიტერთან" საუბრისას აცხადებს, რომ საქართველოს საგარეო ორიენტირები არ გადაიხედება და თუ ქვეყანა კონფრონტაციის წინაშე აღმოჩნდება, საქართველო თავს დაიცავს.
“იმედი გვაქვს, შევძლებთ მომავალში კონფრონტაციის თავიდან აცილებას. მაგრამ, თუ მის წინაშე აღმოვჩნდებით, ყველა ბერკეტი უნდა გვქონდეს ხელში ჩვენი თავისუფლების დასაცავად,” - აცხადებს ირაკლი ალასანია.
ირაკლი ალასანიამ კომენტარი უკრაინის კრიზისთან დაკავშირებითაც გააკეთა და განაცხადა, რომ მისი სურვილია უკრაინაში მშვიდობა იყოს და რუსეთის ქმედება მას რეგიონის უსაფრთხოების მთავარ საფრთხედ მიაჩნია.
მასალის გამოყენების პირობები






