საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი კიდევ ერთ განმარტებას აკეთებს გუშინ, მის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე. ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ქვემოთ მოყვანილი განმარტება მისი მხრიდან საზოგადოებისთვის კეთდება:
„მე მინდა მოსახლეობას განვუმარტო, ჟურნალისტებისთვის არ ვაკეთებ ამ განმარტებას, რაც მთავარია სააკაშვილისთვის. მოსახლეობას მინდა ავუხსნა, რა ვიგულისხმე მე. გუშინ ვთქვი, აფხაზეთში როდესაც დაიწყო საუბარი იმის თაობაზე, რომ თითქოს აპირებდნენ ხელშეკრულების გაფორმებას რუსებთან, ეს პრაქტიკულად ანექსიას ნიშნავდა. მე ვთქვი, რომ ეს არის დაუშვებელი, ეს არის შემაშფოთებელი. ჩვენ ძალიან მკაცრი განცხადება და შეფასება გავაკეთეთ ამის თაობაზე. ჩემს მიერ გამოყენებული ე.წ. თვითგამორკვევის ტერმინი, რაც ვითომ ვერ გაიგო სააკაშვილმა, რომლისგანაც მოდიოდა მთელი ის საშინელება, რაც ხდებოდა საქართველოში, რა თქმა უნდა ეს არის ხელოვნურად გაშუქებული და სპეკულაციის საგანი მიეცა.
მე კიდევ ერთხელ მინდა განვაცხადო, რომ მე და მთელი ჩვენი გუნდი არ მივიღებთ არცერთ სიტყვას ადამიანისგან, რომელიც იყო ფუძემდებელი, ადამიანების წამების, გაუპატიურების, გატაცების, მკვლელობების და მთელი იმ საშინელი დანაშაულებრივი სისტემის, რომლის მთავარი შემოქმედი სააკაშვილი იყო. რომელიც დღეს ბრალდებულია ძალიან მძიმე დანაშაულებებში.
მე მსურს ოპონენტებს მოვუწოდო, რომ კარგად გაარკვიონ. თვითგამორკვევა არის ჩვენი ქვეყნის ფარგლებში. ეს გულისხმობს იმას, რომ აფხაზებს ჰქონდათ ყოველთვის ავტონომია და ჩვენ ვთავაზობთ ავტონომიას. გამგებმა კარგად გაიგო ჩემი ნათქვამი. პროვოკატორმა და ავანტურისტმა, რომელმაც დაგვაკარგვინა კოდორი, უამრავი ტერიტორიები, რომლის გაუაზრებელი პოლიტიკის შედეგი იყო 2008 წლის ომი და რომელმაც განაპირობა სამაჩაბლოსა და აფხაზეთის აღიარება რუსეთის ხელისუფლების მიერ, სწორედ ეს არის სააკაშვილი“, - განმარტა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






