საქართველოს ეკონომიკის მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი პრემიერმინისტრის განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ პრემიერ-მინისტრმა აფხაზების, როგორც ეთნოსის თვითგამორკვევის სურვილზე ისაუბრა და არაფერი განსაკუთრებული საბაბი იმისა, რომ მის განცხადებას რაიმე სპეკულაციები მოჰყვეს ოპოზიციის მხრიდან, ნამდვილად არ არსებობს:
"მე მგონია, რომ პრემიერმინისტრმა ძალიან ცხადად გააკეთა განცხადება, რომ ის არის ძალიან შეშფოთებული იმ შეთავაზებით, რომელიც რუსეთმა გაუკეთა ე.წ. აფხაზეთს. პრემიერ მინისტრმა, რა თქმა უნდა, იგულისხმა ეთნოსი და არა რაიმე ქვეყანა ან პოლიტიკური წარმონაქმნი. ამიტომ ეს ძალიან ცხადად უნდა ითქვას, რომ რა თქმა უნდა, აქ არ არის საუბარი ქვეყნის თვითგამორკვევაზე. მან ეთნოსის თვითგამორკვევის სურვილზე ისაუბრა და აქ არაფერი განსაკუთრებული და საბაბი იმისა, რომ რაიმე სპეკულაციები მოჰყვეს ოპოზიციის მხრიდან, ნამდვილად არ არსებობს", - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გუშინ, ბათუმში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ "ინტეგრაციისა და თანამშრომლობის შესახებ" შეთანხმება, შემაშფოთებელია. პრემიერი მიიჩნევს, რომ თუ რუსეთსა და აფხაზეთს შორის ხელშეკრულება ამ ფორმით გაფორმდება, ის, პირველ რიგში იქნება საფრთხის შემცველი აფხაზებისთვის, "როგორც ჩვენთვის ძალიან ძვირფასი ერისთვის"."არ მინდა დავიჯერო, რომ აფხაზეთის მოსახლეობა და აფხაზი ერი სწორედ ამისკენ მიისწრაფვის. ეს პირდაპირ ეწინააღმდეგება მათ მიერ წარმოებულ 25-წლიან ბრძოლას თვითგამორკვევისთვის, აღიარებისა და ე.წ დამოუკიდებლობის მიღწევისთვის. ჩემი ინფორმაციით, აფხაზეთში არაერთგვაროვანი პოზიცია დაფიქსირდა, საკმაოდ კრიტიკული დამოკიდებულება აქვთ ამ ტექსტის მისამართით",- განაცხადა პრემიერმა.
მასალის გამოყენების პირობები






